
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის შესახებ 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას NBC News-ი თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, გეგმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელთან კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ მაღალჩინოსნებთან კონსულტაციის შედეგად შეიქმნა.
თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, გეგმის შედგენაში ტრამპის სპეცწარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ.
„გეგმის საკვანძო ნაწილს ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა წარმოადგენს, რათა გრძელვადიანი მშვიდობა შენარჩუნდეს. ის გულისხმობს აგრეთვე მყარი მშვიდობის მისაღწევად უკრაინისთვის იმის გადაცემას, რაც მას სჭირდება“, - ციტირებს ტელეარხი ამერიკელ მაღალჩინოსანს.
ამერიკელმა ჩინოვნიკმა გეგმის დეტალები არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ ის ჯერ დახვეწას და საკვანძო მხარეების მიერ განხილვას საჭიროებს.
აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა NBC News-ს განუცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო ჯერ უკრაინელებს უნდა წარედგინოს. ამასთან, მასზე მუშაობის დასრულების ვადები უკრაინაში ამერიკის სამხედრო დელეგაციის ვიზიტს დაემთხვა.
ცნობისთვის, გუშინ გამოცემა Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა გაასაჯაროვა. გამოცემის ინფორმაციით, გეგმაზე აშშ და რუსეთი ფარულად მუშაობდნენ. Axios-ის ინფორმაციით, ამ გეგმის თანახმად, აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს.
0
0