
ტაივანის ერთ-ერთმა უკანასკნელმა დიპლომატიურმა მოკავშირემ პეკინის სასარგებლოდ კუნძულთან კავშირი გაწყვიტა. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, ტაივანში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს.
,,ნაურუ, მიკრონეზიის პატარა კუნძული, ერთ-ერთი იყო იმ 12 ქვეყნიდან, რომლებმაც ტაიბეისთან დიპლომატიური ურთიერთობა შეინარჩუნა. თუმცა, ბოლო წლებში, პეკინი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია, თავისი დიპლომატიური მოკავშირეების საკითხებში უხეშად ერევა,” - წერს BBC-ი.
„ეს არა მხოლოდ შურისძიებაა ჩინეთის მხრიდან ჩვენს მიერ ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ პირდაპირი გამოწვევაა საერთაშორისო წესრიგისთვის“, - აღნიშნეს ტაივანის ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ, რაც ნაურუს მთავრობამ განაცხადა, რომ ,,[ტაივანს] აღიარებს არა როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, არამედ, როგორც ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს.“
მედიაკონფერენციაზე, ტაიბეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტიენ ჩუნგ-კვანგმა ჩინეთი ნაურუში არსებული ბოლოდროინდელი "პოლიტიკური რყევებით" სარგებლობაში დაადანაშაულა.
"ჩინეთს ჰგონია, რომ ასეთი მეთოდებით ტაივანის დათრგუნვა შეუძლია და ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. მსოფლიომ შენიშნა ტაივანის დემოკრატიული განვითარება. თუ [პეკინი], ტაივანის დიპლომატიური ურთიერთობების გაკონტროლების მიზნით, ასეთი უღირსი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს, მთელი მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები ამ ნაბიჯს დაგმობენ. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ასპარეზზე ტაივანის იზოლაციის მიზნით, ჩინეთის სავარაუდო ნაბიჯების წინააღმდეგ საბრძოლველად სამინისტრო ძლიერ მზადყოფნაში რჩება“, - თქვა ტიენმა.
”ჩინეთი ყოველთვის ცდილობს ტაივანის გავლენის შესუსტებას, განსაკუთრებით წყნარ ოკეანეში, სადაც ბევრი პატარა ქვეყანა ეძებს განვითარების გზებს. ტაივანს ნაკლები დიპლომატიური მოკავშირე ჰყავს მთელს მსოფლიოში, ამიტომ თითოეული მათგანი უფრო მნიშვნელოვნად აფიქსირებს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ პრეტენზიას... სავსებით შესაძლებელია, რომ ჩინეთი კვლავაც ეძებს შესაძლებლობებს ამის აღმოსაფხვრელად,” - განუცხადა BBC-ს ავსტრალიაში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის Lowy Institute-ის წყნარი ოკეანის კუნძულების პროგრამის მკვლევარმა მიჰაი სორამ.
0
0