
საქართველოს ციხეებში წარმოუდგენელი სისასტიკე ხდებოდა და ამ სისასტიკეზე მსოფლიო, სამწუხაროდ, თვალს ხუჭავდა, თვალებზე ჰქონდათ ხელი აფარებული, ყურებზე ჰქონდათ ხელი აფარებული და პირზე ჰქონდათ ხელი აფარებული“, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც სახალხო დამცველი იყო, მასთან ელჩები მოდიოდნენ, პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც საქართველოშია, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბრის უფლება არ ჰქონდათ.
„სისტემური დანაშაულის კლასიკური მაგალითია – ოჯახის წევრების მძევლად აყვანა, ადამიანს ქონება წაართვა, რაც ძალიან ბევრ საქმეში მოვისმინეთ, უსასტიკესი წამება პოლიციაში, ციხეში თავისი „ფუქსებით“, კარანტინით, აბანოში გაყვანით, ალექსანდრე მუხაძის კაბინეტში აყვანით და იქ წამებით, იმ ადამიანის კაბინეტში, რომელიც დაჯილდოებული ჰყავს მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ნომერ პირველი ორდენებით, მათ შორის, ვახტანგ გორგასლის ორდენით. სხვათა შორის, მართალია 2003 წელს შევარდნაძის დროს, მაგრამ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძეც. ეს იყო ერთი გუნდი, მოდიოდნენ ერთად და არაფერი განსხვავება მათ შორის არ იყო. გია ლორთქიფანიძეს დამთავრებული აქვს მოსკოვში დაზვერვის სკოლა. მოსკოვში ამ სკოლას რომ დაამთავრებს ადამიანი, გამორიცხულია, არ იყოს მათი დაზვერვის აგენტი. ჩვენს ქვეყანაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ადამიანი, რომელმაც, საზოგადოებას განვუმარტავ, ჩაიდინა დანაშაული უკრაინის კანონმდებლობითაც და საქართველოს კანონმდებლობითაც, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოაპარა არაჟნებით სავსე კასრებთან ერთად და შემოაპარა საქართველოში. ამის შემდეგ ამ ადამიანს, კრიმინალს, დამნაშავეს, უკრაინის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ქვეყნის მართვა ოჯახური კლანებით ხდებოდა და ეს კლანები ხშირად ყველა ბოროტების სათავეში იყვნენ.
„ძმები ახალაიები და მათი მამა ზუგდიდში; აქეთ ძმები ლორთქიფანიძეები; იქ კოდუები, ერთი ბიზნესში, მეორე – „სოდ“-ის ხელმძღვანელი, მათი დედა, რომელიც მთელ მათ ბიზნესიმპერიას მართავდა, ლაურა ღაჭავა; მიხეილ სააკაშვილი თავის ძმასთან ერთად – დათო სააკაშვილი, ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა მისი სახელი, როგორც ამ ქონებების წართმევის თემაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, დედამისი გიული ალასანია, რომელზეც მთელი ეს ასეულ მილიონიანი ქონებები გადააფორმა სააკაშვილმა, უნივერსიტეტები დააყაჩაღეს და გადასცეს ამ ქალს; ბიძამისი – თემურ ალასანია, რომელიც ასევე რუსეთის „კაგებეს“ მაღალჩინოსანი იყო და დარწმუნებული ვარ, დღემდე რჩება, რომელიც ასევე ამ ქონებების წართმევის თემებში იყო; ქარდავები, ძმები ლევანი და მეგის ქარდავები, საოცარი სისტემა ჰქონდათ შექმნილი. უკონტროლო ძალაუფლება, რომელსაც იყენებდნენ, ერთის მხრივ, იმისთვის, რომ ადამიანები განეკულაკებინათ ბოლშევიკური მეთოდებით და ამ განკულაკების დროს ქონების დიდი ნაწილი მიდიოდა არა სახელმწიფოში, რითაც ისინი ამაყობდნენ, არამედ თავის ჯიბეში. მიდიოდა მანქანების გადაფორმება, გიული ალასანიაზე უნივერსიტეტის კორპუსების გადაფორმება, მიწების ხელში ჩაგდება და ა.შ. დანაშაულის კლასიკაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნა გაიხსენა, რომელზეც იყო ნათქვამი, რომ „როდესაც ციხის მერვე დაწესებულების ტერიტორიაზე შევიდნენ, პირველი მათი გაოგნება გამოწვეული იყო იმით, რომ დაწესებულებაში, სადაც ოთხი ათასამდე პატიმარი იყო, სამარისებური სიჩუმე სუფევდა, ბუზის ხმას გაიგონებდით. ეს იყო შემაძრწუნებელი სიჩუმე, რომელიც ყველაზე ხმამაღლა ღრიალებდა და ყვიროდა, ჩანდა, რა ტიპის რეჟიმია იმ დაწესებულებაში და, ზოგადად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველგან“.
„გია ლორთქიფანიძეზე როცა ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ლაფანყურის სპეცოპერაცია, რომლის ანტიგმირიც იყო ეს ადამიანი. კომისიის ფარგლებში რამდენად მოვასწრებთ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად არის ყურადღება გასამახვილებელი ამ თემაზეც. თქვენ რომ თქვით, არ გქონდათ კბილის პასტა, ჯაგრისიც არ ჰქონდა არცერთ პატიმარს, სახალხო დამცველი როდესაც ვიყავი, აფრიკაში ყოფნა მომიწია, იქაურ ციხეში, სადაც სასჯელს იხდიდა ნელსონ მანდელა. ეს არის კუნძული რობერ აილენდი, ყაჩაღების კუნძული, მთელი კუნძული იყო ციხე. საკნებში წარწერები იყო, 1964 წლის წარწერა იყო, ამ საკანში ვიყავი, არაფერი გვქონდა გარდა კბილის პასტისა, კბილის ჯაგრისისა და ჩამოთვლილია, რაღაც ნივთები. მაშინ ვფიქრობდი, ეს ყველაფერი როგორი საოცნებოა ოცდამეერთე საუკუნის ქართველი პატიმრებისთვის, არამხოლოდ გლდანში, არამედ ყველა დაწესებულებაში, რაზეც ისინი 1964 წელს, სამხრეთ აფრიკაში წერდნენ, სადაც იყო აპართეიდი, სადაც არ ჰქონდათ არანაირი უფლებები შავკანიანებს, შავკანიანებისთვის და ინდოელებისთვის იყო ძირითადად ის ციხე, და იქ იყო გაცილებით უკეთესი პირობები. იქ ერთ პატიმარზე ორნახევარი კვადრატული მეტრის საკანი იყო, მაშინ როცა თქვენ რასაც ყვებით, ჩვენთან ნახევარი კვადრატულიც არ გამოდის ერთ პატიმარზე, ზოგიერთ დაწესებულებაში ერთ კვადრატულ მეტრზე ოთხი პატიმარიც კი მოდიოდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ქვეყნის ციხეებში წარმოუდგენელი სისასტიკე ხდებოდა.
„და ამ სისასტიკეზე მსოფლიო, სამწუხაროდ, თვალს ხუჭავდა, თვალებზე ჰქონდათ ხელი აფარებული, ყურებზე ჰქონდათ ხელი აფარებული და პირზე ჰქონდათ ხელი აფარებული. არაფერი არ ესმოდათ, ვერ ხედავდნენ, არ ლაპარაკობდნენ არაფერზე, თუმცა, როცა ჩემთან მოდიოდნენ ელჩები, უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში, სახალხო დამცველთან ყველა ამბობდა, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში, არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, როცა ვეკითხებოდი, ამაზე ერთ სიტყვას მაინც რატომ არ იტყვით, ისევ დუმილი იყო. ამაზე ლაპარაკის უფლება არ ჰქონდათ, ეს იყო აკრძალული განსხვავებით იმ განცხადებებისა, რასაც აკეთებს ზოგიერთი ჩვენი ე.წ, მეგობარი ელჩი დღეს საქართველოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0