
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს, - ამის შესახებ ნათქვამია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, თამარა წულეისკირის განცხადებაში, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
„მსურს გამოვეხმაურო სპეკულაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-თან „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დაკავშირებით.
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ.
შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას“,- აღნიშნავს წულეისკირი.
0
0