05/11/2021
16:25
მსოფლიო
ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნატოს ყოფილი გენმდივნის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინს, თავისი პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე, ალიანსში შესვლა სურდა“ (ავტორი - ჯენიფერ რენკინი) საუბარია იმაზე, თუ როგორ და რა პირობებით უნდოდა რუსეთის ლიდერს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციაში შესვლა.
ავტორი იმოწმებს ნატოს ექს-გენმდივნის ჯორჯ რობერტსონის მოგონებას, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს უნდოდა, რომ მისი ქვეყანა ნატოში ყოველგვარი წინასწარი პროცესის (განაცხადის წარდგენა, განხილვა, „მაპ“-ისთვის ლოდინი და ა.შ.) გარეშე შესულიყო და რიგში არ მდგარიყო სხვა ქვეყნების უკან.
დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობის თავდაცვის ექს-მინისტრის ჯორჯ რობერტსონის თქმით (იგი ნატოს გენმდივანი 1999-2004 წლებში იყო), „პუტინმა პირველივე შეხვედრის დროს მიმანიშნა, რომ მას სურდა რუსეთი დასავლეთ ევროპის ნაწილი ყოფილიყო - უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული დასავლეთისა, რომლისგანაც იმ დროს რუსეთი შორს იდგა“.
როგორც რობერტსონი იხსენებს, 2000 წელს, როცა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გახდა, მოსკოვში შეხვედრის დროს მან ჰკითხა - „როდის მიგვიწვევთ ნატოში მისაღებად?“. მე ვუპასუხე, რომ „ჩვენ არ ვიწვევთ ვინმეს ნატოში მისაღებად, ისინი თვითონ წარადგენენ განაცხადს ალიანსში შესვლის მიზნითო“. და მან ასეთი რამ თქვა: „ჩვენ ხომ ისეთი ქვეყანა არ ვართ სხვებთან შედარებით, რომ მათ მსგავსად რიგში დავდგეთო“.
ჯორჯ რობერტსონის ეს ნაამბობი ჰგავს „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტის, აწ განსვენებულ დევიდ ფროსტისათვის 21 წლის წინ მიცემულ ინტერვიუს, სადაც ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს ნატოში შესვლას, თუ ალიანსის წევრები რუსეთის ინტერესებს პატივს სცემენ და თუ მას სრულუფლებიან პარტნიორად ჩათვლიან“.
„თუ ლორდ ჯორჯ რობერტსონის ნათქვამს ვლადიმერ პუტინის დღევანდელ განცხადებებს შევადარებთ, შევამჩნევთ, რამდენად შეიცვალა ვლადიმერ პუტინის მსოფლმხედველობა 21 წლის განმავლობაში, - წერს ავტორი, - უკრაინაში 2004 წელს მომხდარი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ რუსეთის ლიდერის დასავლეთს სულ უფრო მეტი ეჭვის თვალით უყურებდა და ბრიუსელს დემოკრატიული NGO-ების (არასამთავრობო ორგანიზაციების) დაფინანსებაში ადანაშაულებდა. იგი ასევე აღშფოთებული იყო ნატოს სწრაფი ექსპანსიით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, როცა რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, სლოვენეთი, ესტონეთი და ლიეტუვა ალიანსის წევრები გახდნენ; იგივე ნაბიჯი გადადგეს 2009 წელს ხორვატეთმა და ალბანეთმაც... საქართველოსა და უკრაინას ალიანსის წევრობა 2008 წელს აღუთქვეს, მაგრამ ოფიციალურად არ იქნენ მიღებულნი“.
წყარო: https://amp.theguardian.com/world/2021/nov/04/ex-nato-head-says-putin-wanted-to-join-alliance-early-on-in-his-rule
0
0