07/12/2022
15:02
მსოფლიო
დასავლეთის ქვეყნები გაურბიან უკრაინის ნატოში გაწევრიანების „ფეთქებადსაშიშ“ საკითხს, რადგან ეშინიათ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Censor.NET გამოცემა Politico-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების ბევრ წარმომადგენელს არ სურს უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემას შეეხოს. მაშინაც კი, როცა ზეწოლას განიცდიან, პოლიტიკოსები პასუხობენ მოკლე ფრაზებით.
გამოცემის მიხედვით, მას შემდეგ, რაც სექტემბერში უკრაინამ სამხედრო ალიანსს გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა, ნატომ საჯაროდ გაიმეორა თეზისები ღია კარის პოლიტიკის შესახებ, მაგრამ ამას პასუხი არ მოჰყოლია.
ასევე, გასულ კვირას ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, მათმა დასკვნითმა განცხადებამ მიუთითა 2008 წლის ბუნდოვან დაპირებაზე, რომ უკრაინა ოდესმე შეუერთდება ალიანსს.
დასავლეთი იცავს ამ ხაზს რამდენიმე მიზეზის გამო. კერძოდ, გამოცემის ცნობით, ნატოს უთანხმოება აქვს იმაზე, თუ როგორ და როდის უნდა შეუერთდეს უკრაინა სამხედრო ბლოკს. ასევე, ევროპის მთავარ დედაქალაქებს „არ სურთ კრემლის პროვოცირება, რადგან იციან რუსეთის ჰიპერმგრძნობელობა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების მიმართ“.
უკრაინის ზოგიერთ ძალიან კარგ მეგობარს უფრო მეტად ეშინია დადებითი პასუხის უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, ვიდრე უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების“ - ციტირებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას სიტყვებს Politico.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, მოისურვებენ თუ არა უკრაინის დასავლელი პარტნიორები რაიმე გარანტიის მიცემას, ან რაიმე სხვას, გარდა ნატოს მე-5 მუხლისა, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, რომელიც მომავალში რუსეთის შეკავებას შეუწყობს ხელს.
იმავდროულად, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი მაქს ბერგმანი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა სამხედრო კონფლიქტის ჩიხში გაიჭედება, მაშინ ის ნატოში არ გაწევრიანდება.
„თუმცა, თუ კიევი დაიბრუნებს ტერიტორიებს და აღადგენს თავის საზღვრებს - როგორიც არ უნდა იყოს ისინი, ყირიმის ჩათვლით თუ მის გარეშე - მაშინ ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს“ - განაცხადა ბერგმანმა.
0
0