
ნატო-ს სამიტის დღის წესრიგის პირველი საკითხი თავდაცვის ხარჯების გაზრდაა, სამართლიანია, რომ ევროპელებმა და კანადელებმა იმდენივე დახარჯონ, რამდენსაც აშშ ხარჯავს, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სამიტზე მისვლისას მედიასთან განაცხადა.
რუტეს თქმით, რუსეთისგან მომავალი საფრთხისა და საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. რუსეთის გრძელვადიანი საფრთხის, ასევე ჩინეთში სამხედრო ძალების მასშტაბური გაძლიერებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და ირანი მხარს უჭერენ უკრაინაში საომარ ძალისხმევას, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ ხარჯები. ეს არის დღევანდელ დღის წესრიგში ნომერ პირველი საკითხი, მომავალ წლებში ხარჯების ახალი გეგმა, რა თქმა უნდა, სამრეწველო წარმოება. ჩვენ ვიცით, რომ გვაკლია თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, რომელსაც საკმარისი წარმოება ექნება. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი კომპანიები, თუმცა ჩვენ უნდა დავამატოთ დამატებითი სამეწარმეო ხაზები“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი უკრაინაა.
„ჩვენ განვიხილავთ, რომ უკრაინას მომავალ წლებში კვლავ ჰქონდეს ნატო-ს ქვეყნების მხარდაჭერის იმედი, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ბრძოლაში, ასევე უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ შევძლოთ უკრაინის მდგრადი და ხანგრძლივ მშვიდობა“, – აღნიშნა რუტემ.
მარკ რუტემ ასევე განაცხადა, რომ მისთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ აშშ სავსებით ერთგულია ნატო-სადმი და ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლისადმი. ამავე დროს, არსებობს მოლოდინი, რომ ევროპელები და კანადელები გაზრდიან ხარჯებს, რათა უზრუნველყონ, რომ მათ არა მხოლოდ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, არამედ ასევე გაათანაბრონ ხარჯები . რუტეს თქმით, სამართლიანია, რომ ევროპელებმა და კანადელებმა იმდენივე დახარჯონ, რამდენსაც აშშ ხარჯავს.
0
0