18/01/2025
12:07
სამხედრო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკი იმყოფებოდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბოგდან რიცერსკიმ შეხვედრა გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიასთან.
„მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობისას ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა, დავით გაგუამ სტუმარს ცენტრის მიზნები და ამოცანები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე წელს დაგეგმილი „ნატო-საქართველო 2025“ სწავლება. აღინიშნა საწვრთნელ ცენტრებს შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და JTEC-ის განვითარების პროცესში JFTC-ის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) პოლონეთში მდებარე ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრთან (JFTC) თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. 2020 წელს მათ შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0