
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მ.ა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 მარტს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბახვში ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მ.ა. დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება ან განადგურება. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.) გათვალისწინებული დანაშაულისთვის“, - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ გურიის ორგანიზაციის ლიდერმა მამუკა ანდღულაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიას 15 მარტს სცემა.
0
0