25/12/2024
14:43
მსოფლიო
,,ნატო არ არის მზად, რომ აშშ-ის გარეშე ვლადიმერ პუტინს - რუსეთს - შეებრძოლოს,“ - განუცხადეს The Independent-ს ალიანსის სამი წევრი ქვეყნის - ლატვიის, ესტონეთისა და ფინეთის - ლიდერებმა, რომლებმაც მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მკვეთრად გაზრდისკენ მოუწოდეს.
,,მოვუწოდებთ ალიანსს, რომ შეწყვიტოს გაუთავებელი დებატები, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეს. დროა, ევროპის თავდაცვა გაძლიერდეს. ცხადია, ჩვენ მზად არ ვართ. უიმედოდ არ უნდა ველოდოთ, რომ აშშ კვლავ ჩაერთვება ევროპასთან თანამშრომლობაში. ჩვენ ვწვრთვნით უკრაინელებს ესტონელებთან და ფინელებთან ერთად, მაგრამ ამ ეტაპზე თავდაცვითი შესაძლებლობები საკმარისი არ არის“, - თქვა ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა.
,,უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რადგან რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, ვერ უზრუნველყოფს დემოკრატიას და ვერ მოქმედებს წესებზე დაფუძნებულ სამყაროში. გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც რუსეთი უკრაინას ებრძვის და იგივე რუსეთი უკრაინაში დამარცხებულია, აღარ არის საჭირო შეკითხვის დასმა, თუ ვინ არის შემდეგი. თუ დავუშვებთ, რომ რუსეთმა, როგორც რეჟიმმა, ავაზაკმა და მჩაგვრელმა, ძალის გამოყენებით რაღაცას მიაღწიოს და ამის შემდეგ ვიტყვით: დიახ, შევთანხმდეთ, რომ წაღებული ტერიტორიის ნახევარი მათია [რუსეთის], მაშინ ეს ძალიან ცუდი მესიჯი იქნება დემოკრატიული სამყაროს მომავლისთვის. თუმცა ევროპის უუნარობა, დაიცვას საკუთარი თავი [კერძოდ, აშშ-ის გარეშე], მხოლოდ ხაზს უსვამს მის პრობლემურობას უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის კვლავ უზრუნველყოფაში,” - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა.
როგორც The Independent-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ევროპელ ლიდერს არ უთქვამს, რომ მათ დონალდ ტრამპის მიერ ნატოს დატოვების სჯერათ, ჭარბობს შეშფოთება, რომ აშშ, განსაკუთრებით მომავალი პრეზიდენტის დროს, საბოლოოდ გადაიტანს ყურადღებას ჩინეთსა და ინდო-წყნარ ოკეანეზე, მათ შორის, ტაივანის დაცვაზე.
"მათი ნომერ პირველი ნემესისი [მტერი] და კონკურენტი ჩინეთია, თუმცა მჯერა, რომ ტრამპს მაინც ესმის ალიანსების მნიშვნელობა პეკინთან ბრძოლაში. ვფიქრობ, შეერთებული შტატების ინტერესებშია დარჩეს [ევროპაში] ჩართული. ნებისმიერ შემთხვევაში, ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსები გაცილებით მეტხანს არსებობს, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული", - განუცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა The Independent-ს.
0
0