22/03/2023
17:14
პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ფრაქციის დატოვებაზე ნაფიქრი აქვს და გადაწყვეტილებას საზოგადოებას თავად გააცნობს.
„გეტყვით, რომ ამაზე ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად. ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება. თუმცა, ჩემი გადაწყვეტილება იქნება ჩემს მიერ გაჟღერებული და არავითარ შემთხვევაში სხვის მიერ“, - ამბობს დეკანოიძე.
მისივე სიტყვებით, საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა ამომრჩეველმა დააკისრა და რომელიც სწორედ ამისთვის იღებს ხელფასს საქართველოს ბიუჯეტიდან, ძალიან მნიშვნელოვანია.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმეა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ერთ სივრცეში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დაპირისპირების და შეურაცხყოფების ფონზე გვიწევს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობის შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ მესმის ყველა იმ სკეპტიკოსის, ვინც ამბობს, რომ რა აზრი აქვს საერთოდ რამეს, ჩემი პოზიცია არის ერთი და მყარი - ჩვენი პარტია, ანუ ის პარტია, რომელიც ახლა ბოიკოტშია, უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი სრული სიმძლავრით. ყველა დეპუტატმა უნდა აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო განხილვებში. ყველა პარტიის წარმომადგენლებს, ვინც ამას ამბობს, უნდა ეყოს იმის გამბედაობა, რომ ბოიკოტზეც და პარლამეტის და მანდატების დატოვებაზე საუბარი დასრულდეს“, - განუცხადა დღეს დეკანოიძემ ჟურნალისტებს.
საუბარი იმის შესახებ, რომ ხატია დეკანოიძეს შეიძლება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა, მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ, დეკამოიძემ tv პირველის ეთერში განაცხადა, რომ პრინციპულად არ ეთანხმება მისი პარტიის გადაწყვეტილებას, საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
“გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფრაქციაში, ამ ვითარებაში ძალიან რთული იქნება ჩემი ყოფნა”- ამბობდა დეკანოიძე.
0
0