12/11/2022
16:38
პოლიტიკა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება. უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შესაბამისი წესი უნდა მოამზადოს.
ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გია ბარამიძემ განაცხადა და განმარტა, რომ ამ ჯგუფში შედიან როგორც ნეიტრალურად განწყობილი პირები, ასევე, გარკვეული პოზიციის მქონე წევრებიც.
მისივე თქმით, არის სურვილი, რომ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ ემიგრანტებმაც.
როგორც პარტიაში აცხადებენ, 22 ნოემბრამდე უნდა ჩამოყალიბდეს არჩევნების წესი, რომელსაც შემდეგ პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს. ამის შემდეგ დაიწყება დასახელებული კანდიდატურების კამპანია.
ამ დროისთვის, თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 3-მა კანდიდატმა გამოთქვა. ესენი არიან - პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე და გიორგი ჩალაძე.
0
0