29/05/2023
18:10
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის - ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პარტიის პოლიტიკური საბჭო ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში შეიკრიბა.
განსაკუთრებული რეჟიმი, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ნიშნავს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრას, თავისსავე კონფერენციებზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის დაყენებას და საპროტესტო აქციების გამართვას.
"ნაციონალური მოძრაობა" გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და ჩვენ ვაპირებთ, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ცხადია, ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრებს. მათ შორის იქნება რეგიონალური კონფერენციები, სადაც ასევე იქნება საკითხი დაყენებული პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების და მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ეს ღონისძიებები, მათ შორის საპროტესტო აქციები. გვექნება მინიმუმ 10 რეგიონალური კონფერენცია, გვექნება ასობით სოფელში, ქალაქში, რაიონში შეხვედრა და მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიმუშავებთ ჩვენს მოსახლეობასთან," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ყველა სუბიექტთან შედგება მუშაობა იმ საკითხზე, რომ მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად განისაზღვროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი.
"ამ აქტიურობის ფორმა იქნება ყველა დასაშვები კანონიერი ფორმა, მათ შორის საპროტესტო აქციები, პოლიტიკური კონსულტაციები, მათ შორის პოლიტიკური ერთობების შექმნა და მობილიზება ამ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, ყველა სუბიექტთან ვიმუშავებთ იმ საკითხზე, რომ მოხდეს მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად განისაზღვროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
0
0