
შევეცადოთ, სამოქალაქო საზოგადოებას ნებისმიერი დახმარება გავუწიოთ, მაშინაც კი, თუ საკანონმდებლო ჩარჩო მზადდება იმისთვის, რომ მათ ერთი ევროც კი ვერ მიიღონ, – ამის შესახებ ესპანელმა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩესმა განაცხადა.
სანჩესმა 4 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციას, „ქართულ ოცნებას“ და უსაფრთხოების სამსახურს ძალადობის სურათი სჭირდებოდათ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, გადავხედოთ, რა მოხდა გასულ შაბათ-კვირას პრეზიდენტის სასახლის აღების მცდელობასთან დაკავშირებით. მხოლოდ რამდენიმე ასეული აქტივისტი მიჰყვება მითითებას, რომ პრეზიდენტის სასახლესთან მისულიყვნენ. დანარჩენი ათასობით ადამიანი დარჩა რუსთაველზე პროტესტის გასაგრძელებლად, როგორც ეს თითქმის ერთი წელია, ხდება.
აქტივისტების ამ მცირე რაოდენობამ სცადა სასახლის აღება, ისინი შეცდომაში იყვნენ შეყვანილი საკმაოდ უცნაური ნარატივით, რომ პოლიცია მათ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს გადასცემდათ. და ამ მიზეზით, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, ეს უსაფრთხოების გარკვეული სამსახურების მიერ იყო შეთხზული. პოლიციას თუ სურს 200 აქტივისტის შეჩერება საპრეზიდენტო სასახლის გარეთ მოედანზე, მათ ამის გაკეთება მარტივად შეეძლოთ, თუმცა ძალადობის სურათები სჭირდებოდათ და ძალადობის სურათები იყო მეტალის ღობეზე მიწოლა. შეუძლებელია მისი ჩამოგდება ფეხის კვრით. ეს შეუძლებელია, მაგრამ საქმე იმაშია, როგორ მისცეს მათ ღობესთან მიახლოების შესაძლებლობა? რადგან პოლიციას, „ქართულ ოცნებას“ და უსაფრთხოების სამსახურს სასოწარკვეთილად სჭირდებოდათ ძალადობის სურათი, რათა დაეშალათ, თავს დასხმოდნენ პროტესტს და მათ ის მიიღეს.
ჩვენც ნათლად უნდა ვთქვათ, იცით, როგორ მივხვდი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ის ნარატივი, რომელიც სჭირდებოდა? იმიტომ, რომ კალასისა და კოსის ბოლო განცხადება იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდეს. რა ჯანდაბაა ორივე მხარე? არიან მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც ერთი წელია, მართავენ საპროტესტო აქციებს და არის ხალხის უმცირესობა, რომელიც სავარაუდოდ, გარკვეულმა სადაზვერვო ოპერაციამ შეცდომაში შეიყვანა და ჩვენ ვცვლით ჩვენს ნარატივს იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში? არ არის არანაირი ორივე მხარე. არის რეჟიმი, რომელიც მუდმივად ახშობს ნებისმიერი სახის კრიტიკას პოლიტიკურ ოპოზიციაში და სამოქალაქო საზოგადოებაში. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად ამ ანალიზით და შევინარჩუნოთ კონტაქტის არქონის პოლიტიკა, სულ მცირე, ამ ეტაპზე. ვეცადოთ, სამოქალაქო საზოგადოებას ნებისმიერი დახმარება მივაწოდოთ მაშინაც კი, თუ საკანონმდებლო ჩარჩო მზადდება იმისთვის, რომ მათ ერთი ევროც კი ვერ მიიღონ. მე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ღია შეხვედრაა. ისინი ცდილობენ, მიიღონ გრანტები გარედან სხვა გზით, თუმცა მათ გადაწყვეტილი აქვთ ბრძოლის გაგრძელება. და ვფიქრობ, ეს კარგი ამბავია, რადგან ამ თვეების და წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ნარატივებით, რომლებიც თავს ესხმიან ევროპის იდეას, გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ უჭერენ მხარს ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე დაბრუნებას“, – განაცხადა ნაჩო სანჩესმა.
0
1