
ჩვენი, როგორც ევროპარლამენტის წევრების პასუხისმგებლობაა, ყურადღებით დავაკვირდეთ აქ მიმდინარე მოვლენებს. მზიას საქმე იმედს გვაძლევს, რადგან ის დგას, ის კვლავ მამაცია, - ამის შესახებ ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რადგან, სამწუხაროდ, მსგავსი პროცესები ბევრ ქვეყანაში ხდება.
„მე ევროპარლამენტის წევრი ვარ. ამ საქმეს ყურადღებით აკვირდებიან ევროპაში, ევროკავშირში და ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. ეს არის ის, რასაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ. არიან მამაცი ქალები და ჟურნალისტები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ, გამოთქვამენ თავიანთ აზრს, მუშაობენ დემოკრატიებისთვის და ეს საქმე ერთადერთი არ არის. მინდა ნათლად ვთქვა, რომ რუსეთი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ჟურნალისტებს თავიანთი სამუშაოს შესრულება და განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც საკმარისად მამაცები არიან, რომ ხმამაღლა ისაუბრონ, შემდგომში ასე ექცევიან. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ეს ყველგან ხდება,“ - განაცხადა მან.
ლენა შილინგის თქმით, მისი სურვილია საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს. მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია.
„მე ნამდვილად მინდა, რომ საქართველო ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნდეს და რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის ნაწილი გახდეს, ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია. ეს საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია, რადგან თუ ჟურნალისტი ხმას ამოიღებს, ეს პოლიტიკური საქმეა. ის, რისთვისაც მას ბრალი წაუყენეს, ნამდვილად ისეთი რამაა, რაც უმეტეს ქვეყნებში სისხლის სამართლის საქმედ არ ჩაითვლება. ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ეს საერთოდ არ არის სისხლის სამართლის საქმე,”- განაცხადა ევროპარლამენტარმა, რომელიც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრება.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
0
0
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
16/05/2025