21/12/2024
16:16
მსოფლიო
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს სავაჭრო ომით ისევ დაემუქრა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ტრამპი მოუწოდებს ევროკავშირს, მეტი ამერიკული ნავთობისა და გაზის შესყიდვისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტარიფების შემოღებით იმუქრება.
„მე ვუთხარი ევროკავშირს, რომ მათ უნდა დააბალანსონ შეერთებულ შტატებთან არსებული უზარმაზარი დეფიციტი ჩვენი ნავთობისა და გაზის მასშტაბური შესყიდვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ტარიფები სამუდამოდ“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმაზე.
საპასუხოდ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ოლოფ გილმა არ დააკონკრეტა, ვინ მონაწილეობდა საუბარში, რომელზეც ტრამპმა მიანიშნა, მაგრამ განაცხადა, რომ „ევროკავშირს და აშშ-ს აქვთ ღრმად ინტეგრირებული ეკონომიკები დაბალანსებული ვაჭრობითა და ინვესტიციებით“.
„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ არჩეულ პრეზიდენტ ტრამპთან, როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ისედაც მყარი ურთიერთობები, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში საერთო ინტერესების განხილვის გზით“, – განაცხადა ოლოფ გილმა.
რესპუბლიკელი ლიდერი 2024 წლის აშშ-ს არჩევნების კამპანიას ატარებდა იმ დაპირებით, რომ შემოიღებს 10-20 პროცენტიან ტარიფებს მთელ იმპორტზე. ის ასევე დაიმუქრა, ჩინურ საქონელზე 60-პროცენტიანი გადასახადის დაწესებით.
პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დონალდ ტრამპმა შემოიღო 25-პროცენტიანი ტარიფები ფოლადის იმპორტზე და 10-პროცენტი ალუმინზე, რამაც გამოიწვია სავაჭრო ომი ევროკავშირთან, რომელმაც საპასუხოდ დააწესა ტარიფები დაახლოებით, ექვსი მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე.
0
0