29/12/2023
11:04
მსოფლიო
2023 წელს Black Sea Arena-სთან წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, Live Nation საქართველოს ბაზარზე შემოდის. გასართობი ინდუსტრიის ლიდერ კომპანიასთან თანამშრომლობა ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე სტანდარტების ღონისძიებები დააორგანიზოს და საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი მოთხოვნადი არტისტები, რომელთა სტუმრობაც ჩვენს ქვეყანაში აქამდე ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იყო. საქართველო რეგიონში პირველი და ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც Live Nation-ის ეგიდით ჩატარებული ღონისძიებების მასპინძელი გახდება, რითაც დამატებით მოიზიდავს გასართობი ინდუსტრიით დაინტერესებულ ტურისტებს როგორც რეგიონის ასევე სხვა ახლო ქვეყნებიდან.
Black Sea Arena-ს და Live Nation-ის თანამშრომლობის პირველი წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა: ერთი თვის შუალედში ორი სრულად გაყიდული სტადიონი, 7 საათში დასოლდაუთებული 30 000-მდე ბილეთი და ორჯერ გაყიდული ჩარტერი მეზობელი ქვეყნიდან იმ პრეცედენტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც Starring Georgia-ს პირველი სეზონის დროს შეიქმნა.
“როდესაც ლაივ ნეიშენი ახალ ბაზარზე შედის ყოველთვის ვცდილობთ, კვალიფიციური პარტნიორი შევარჩიოთ - პროფესიონალი გუნდით, საუკეთესო ვენიუებით და ტექნიკით. როცა გავაცნობიერეთ, რომ ქართული გასართობი ინდუსტრია მზად იყო გაზრდისთვის და ფართომასშტაბიანი არტისტების მასპინძლობისთვის. Black Sea Arena სწორედ ის კომპანია აღმოჩნდა, რომელიც ყველა ჩვენს მიერ ჩამოთვლილ სტანდარტს აკმაყოფილებდა. მოხარულები ვართ, რომ ამ გუნდთან გვიწევს თანამშრომლობა და ვფიქრობ ერთად ბევრი წარმატება გველოდება წინ”- გაი ბესერი, Live Nation Israel-ის დამფუძნებელი.
Live Nation მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის მაგნატია, რომელიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში ოპერირებს, საქართველო კი რიგით 41-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა. Live Nation-ის ორგანიზებით, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად 45 000-მდე კონცერტი და 100-ზე მეტი ფესტივალი იმართება. მათ შორისაა მსოფლიოს უდიდესი ფესტივალები Mad Cool და lollapalooza. Live Nation წლობით ყიდულობს არტისტების უფლებებს, რათა დააორგანიზოს მათი მსოფლიო ტურები და კონცერტები. ეს არტისტები კი მოიცავს ისეთ სახელებს, როგორებიცაა: Madonna, Jay- Z, Coldplay, The Weeknd და სხვა საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი არტისტები. აღსანიშნავია, რომ Live Nation ურთიერთთანამშრომლობის ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა: Netflix, UFC. მის მფლობელობაშია მსოფლიოს ყველაზე დიდი ბილეთების გაყიდვის პლატფორმა Ticketmaster-იც, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამში 7 ბილეთს ყიდის.
„Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციირებული 2 წლიანი კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. კამპანიის პირველი სეზონის ფარგლებში, საქართველომ უკვე უმასპინძლა ისეთ ცნობილ მსოფლიო ვარსკვლავებს, როგორებიცაა: Imagine Dragons, Bruno Mars, The Killers, Damian Lazarus, All Day I Dream. ჯამში 5 ღონისძიებამ, რომლებიც Black Sea Arena-ს გარდა, სოციალურ სივრცესა და საქართველოს 2 ყველაზე დიდ სტადიონზე ჩატარდა 100 000-მდე მელომანს უმასპინძლა. ნახეთ Starring Georgia-ს პირველი სეზონის შესახებ დოკუმენტური ფილმი სრულად: https://fb.watch/pd74VFNneW/
0
0