
4 ოქტომბრის აქცია იყო სპონტანური, გულწრფელი, მოვიდა ბევრი ადამიანი, რადგან იყო კრეატიული მესიჯები და იმავდროულად, მითოლოგიური შლეიფი. ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა. განსაკუთრებით მითოლოგიზირებულმა მოლოდინებმა, რომ შეიძლება, ვიღაც მოქმედი, მაღალი თანამდებობის პირი გადმოვიდეს, მოიყვანა ბევრი ადამიანი, შემდგომ მოხდა, რაც მოხდა, იმედგაცრუებაც იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ამასთან, ზოდელავას თქმით, საქართველოში არ ყოფილა აქცია, სადაც არ იყო საუბარი ხელისუფლების შეცვლაზე.
„მნიშვნელოვანია და კარგი იქნებოდა, აქ ყოფილიყო ჩემი განმარტება, რადგან დღესაც ვამბობ, რომ ვიღებ პასუხისმგებლობას, ეს ჩემი ადამიანური პასუხისმგებლობაა. იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, კანონიერი, მერიაზე მიმართვით, სპონტანური, სახალხო. მგონი, ბოლო 30 წელში ერთადერთი აქცია იყო, როდესაც არ ყოფილა ისეთი საორგანიზაციო ელემენტები, როგორიცაა ხალხის ჩამოყვანა, განათება, სხვადასხვა ატრიბუტიკა. ეს იყო აბსოლუტურად სპონტანური, გულწრფელი, მოვიდა ბევრი ადამიანი. მოვიდა იმიტომ, რომ იყო კრეატიული მესიჯები და იმავდროულად, მითოლოგიური შლეიფი. მითოლოგია შეიძინა ამ თარიღმა. ამ მითოლოგიაში იყო, რომ გადმოვა ვიღაც, მაღალი თანამდებობის პირი, აბსოლუტურად აბსურდული, რა თქმა უნდა. ამ მოლოდინებმა, განსაკუთრებით მითოლოგიზირებულმა მოლოდინებმა, რომ შეიძლება, ვიღაც მოქმედი გადმოვიდეს – ისეთი მითიც კი დადიოდა ბოლო პერიოდში, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილიც ლამის პაატა ბურჭულაძის ძმაკაცი გახდა – ბევრმა მითმა მოიყვანა ბევრი ადამიანი, შემდგომ მოხდა, რაც მოხდა. იმედგაცრუებაც იყო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს არის პოლიტიკური საჯარო ვორდინგი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში. ამ ქვეყანას არ ახსოვს სხვანაირი აქცია, პროტესტი, სადაც არ ყოფილა საუბარი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. სხვანაირი მიტინგი არ ყოფილა საქართველოში.
რაც შეეხება ორგანიზებას, გეუბნებით, რომ ყველაფერი იყო საჯარო, ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა. სახელმწიფო პროპაგანდა რაღაც მითებით კვებავდა და შეიწირა გარკვეული ადამიანები, ამას შეეწირა ბაჩო ახალაია. იყო მეორე მხარე ამ პროტესტის, ასევე მითოლოგია, რომ რაღაც მოხდება, გენერალ სიმუსები გადმოვლენ. ამ მითებმა ბევრი ხალხი მოიყვანა.
პირველად ვიყავი აქციაზე, პირველად ვიყავი მიკროფონთან, არ მქონია ასეთი გამოცდილება. შესაძლოა, აქ არის ჩემი მოწოდების ფორმა გადანაცვლებაზე, მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი იყო, რომ გაივსო თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი. იქვე ახლო ლოკაცია იყო ათონელის მოედანი, ერთ ვიზუალში მოხდებოდა ამის მოქცევა და სამი გვერდი გვერდ მყოფი დიდი სივრცის ხალხით გავსება იქნებოდა ეფექტური“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მურთაზ ზოდელავას თქმით, ათონელის სასახლესთან მივიდა, რათა, მისი გადმოსახედიდან, მესამე ლოკაცია აეთვისებინათ.
„არანაირი მითი არ დადასტურდა, მითი იმის მითია, რომ გაქარწყლდება და გაქარწყლდა კიდეც, დავრჩით ბრალდებულები. ადამიანური, კონკრეტული პასუხისმგებლობა მაქვს, რაც მაიძულებს, მეტი ვიფიქრო სხვებზე და ნაკლები – ჩემზე. ეს პოლიტიკური დრამა სოციალურ დრამადაც გადაიქცა, რადგან განსასჯელთა უმრავლესობა სოციალურადაც მძიმე მდგომარეობაშია. კი, მე და ირაკლიმ [ნადირაძემ] ადმინისტრაციის ღობეს გადავაბიჯეთ, არ გამიცნობიერებია, ის ღობე იყო თუ რა, როგორც გამოუცდელი აქციის წამყვანი, მივედი, რომ ჩემი გადმოსახედიდან, მესამე ლოკაცია აგვეთვისებინა. დილიდან ჩემი შეგრძნება იყო, თუ დაგვარბიეს, მეც უნდა დამარბიონ, რაღაც ზიანი მეც უნდა მიმეღო. ერთადერთი, რაც შემეძლო, იყო, რომ მეც დარბეული ვყოფილიყავი. არანაირი ღობე იქ არ იყო, გადავაბიჯე და შევედი, ჩავთვალე, რომ ჩემი ადამიანური ვალი მოხდილი მქონდა, ჩემი მოქმედების მოტივი ეს იყო. 70-მდე ადამიანი ციხეშია, გაუბედურებული და თავზარდაცემულია. ხომ შეიძლება, გამოიკვლიოთ მოტივი, რატომ მოვედით რუსთაველზე?“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე.
0
0
8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება
09/01/2026