
ლიდერი თავისუფლების სტატუსით და ტრანსფორმაციის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, "მტკიცე დემოკრატია ძლიერი პოლიტიკური თავისუფლებით" - "ატლანტიკური საბჭოს" ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. რეიტინგების მუდმივ პროგრესს, ეკონომიკის სამინისტროში მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირებენ და განმარტავენ, რომ პოზიტიური ინდექსები საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს ხდის.
164 ქვეყანას შორის ისტორიული მაქსიმუმით: ქულების 75,5%-ით და კეთილდღეობის 12 წლიანი უწყვეტი პროგრესით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
"ატლანტიკური საბჭოს" ინდექსით, საქართველო უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, ევროკავშირის ყველა კანდიდატს, NATO-სა და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს. თავისუფლების გრძელვადიანი პროგრესით კი, პირველ ადგილზეა მთელი ევროპის მასშტაბით. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, საქართველოს საზოგადოება მსოფლიოს მოსახლეობის იმ 9%-ში მოხვდა, რომელსაც 2012 წლის შემდეგ დემოკრატიზაციის კუთხით წინსვლა აქვს.
"ატლანტიკური საბჭო" ყველაზე გავლენიანი ამერიკული ანალიტიკური ცენტრია. ის მუდმივ რეკომენდაციებს გზავნის ვაშინგტონსა და ბრიუსელში და მისი გავლენა იმდენად დიდია, რომ ხშირად NATO-ს არაფორმალურ ინტელექტუალურ შტაბსაც კი უწოდებენ, თუმცა საბჭოს მონაცემების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის არ სჯერა ქართულ ოპოზიციას.
"საქართველოს წინსვლა ოპოზიციას არ მოსწონს" - ფიქრობს მმართველი გუნდი და შესაბამისად, ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებებიც არ უკვირს. სახელისუფლებო პარტიის აზრით, საქართველოს ინსტიტუციური განვითარების აუცილებელი წინაპირობა მშვიდობა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკაა. დადებითი დინამიკა კი, პირდაპირ აისახება მოსახლეობის ფინანსურ კეთილდღეობაზე.
"ატლანტიკური საბჭოს" ინდექსით, საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა არჩევნები, სადაც შეფასების 100 ბალიანი სისტემით საქართველოს 82.4% აქვს. საბჭო ეყრდნობა მსოფლიოში ყველაზე სანდო ორგანიზაციების მონაცემებს, მათ შორის არის მსოფლიო ბანკი, გაერო, ჰერითიჯ ფაუნდეიშენი და დემოკრატიის მრავალფეროვნების ინსტიტუტი, რომელსაც დემოკრატიის ხარისხის გაზომვის ყველაზე ავტორიტეტული სამეცნიერო ბაზა აქვს.
0
0