
სამწუხაროდ, ურთიერთობის გაფუჭება აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ხელით და მიზეზით მოხდა, ამის გამოსწორებაც თავად აშშ-ს შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა.
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წონის და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ურთიერთობაში ვერც ვერაფერს გავაფუჭებთ სერიოზულად და ვერც ვერაფერს გამოვასწორებთ სერიოზულად. ეს სრულად არის ამერიკის შეერთებული შტატების ხელში. ამ ურთიერთობის გაფუჭებაც, სამწუხაროდ, მოხდა სწორედ წინა ადმინისტრაციის ხელით და მიზეზით, ამის გამოსწორებაც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია. ჩვენ ნაკლებად შეგვიძლია ზემოქმედება იმაზე, რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ, ამას აქტს დაუძახებს ვინმე თუ სხვას, ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. ქართული საზოგადოება ამას შეჩვეულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური მისია სრულად ფუნქციონირებდეს და მთავრობის ერთ-ერთი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე დაინიშნოს ელჩები.
„თავისთავად, ესეც არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მალე იყოს, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგადად, ელჩების დანიშვნა. იცით, რომ ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბოტაჟი ჰქონდა ამ მხრივაც, არ ნიშნავდა ელჩებს და ბევრ ქვეყანაში ჩვენ წლებია, არ ვიყავით წარმოდგენილი ელჩით, რადგან ქალბატონ ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა საკუთარი წარმოდგენები ქვეყანასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
0
0