13/06/2023
13:22
პოლიტიკა
ქვეყნის მთავარი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი იყენებს უკანონო მეთოდებს იმისთვის, რომ აკონტროლოს ყველა და ყველაფერი, იყენებს, მათ შორის, მინისტრებს, საბჭოთა კომისარ თეა წულუკიანს, რომ აკონტროლოს კულტურის სფერო, გიყენებთ თქვენ, ბატონო შალვა და საბჭოურ მეთოდებს, რომლებსაც თქვენ და ბატონი ბერაია მიმართავთ, რომ პარლამენტის წევრები გაყაროს დარბაზებიდან, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ის გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნას, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღება ვერ ჩაითვლება 12 რეკომენდაციის შესრულებად და უფრო მეტიც, ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ის ძირს გამოუთხრის ქვეყნის დემოკრატიას.
„მინდა შევეხო ვენეციის კომისიის დასკვნას დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ, რომელიც არის უკიდურესად მძიმე. ვენეციის კომისია პირდაპირ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი, მოწოდება არის ძალიან მარტივი, მოწოდება არის ძალიან პირდაპირი და არ უნდა მიიღოთ ეს კანონი, იმიტომ, რომ ის ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს, ის ვერ მოახდენს დეოლიგარქიზაციას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, ეს ვერ ჩაითვლება 12 პუნქტის შესრულებად და ის ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ვციტირებ: "კანონპროექტი, რომელიც თქვენ უკვე მიიღეთ ერთი მოსმენით, ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას და შესაბამისად ის ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მთავარი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, იყენებს უკანონო მეთოდებს იმისთვის, რომ აკონტროლოს ყველა და ყველაფერი, იყენებს, მათ შორის, მინისტრებს, საბჭოთა კომისარ თეა წულუკიანს, რომ აკონტროლოს კულტურის სფერო, გიყენებთ თქვენ, ბატონო შალვა და საბჭოურ მეთოდებს, რომლებსაც თქვენ და ბატონი ბერაია მიმართავთ, რომ პარლამენტის წევრები გაყაროს დარბაზებიდან",- განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა.
ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონპროექტი არ იქნეს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები.
0
0