ავსტრალიელი მკვლევარების განცხადებით, კლიმატის ცვლილების გამო დიდი ბარიერული რიფი გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. რიფების გარემოს ტემპერატურა ყველაზე მაღალია ბოლო 400 წლის განმავლობაში.
„ექსტრემალურმა სიცხემ უკვე გამოიწვია მასობრივი გაუფერულების ხუთი შემთხვევა. გაზრდილი ტემპერატურა ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ამ ბუნებრივ საოცრებას. ახალი მტკიცებულება თავად მარჯნის შიგნიდან მოვიპოვეთ. მარჯნის ჩონჩხებიდან მრავალი წლის განმავლობაში აღებული ნიმუშები მოიცავს ქიმიურ მინიშნებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა რიფის ირგვლივ გარემო მარჯნის განვითარებასთან ერთად,” - განუცხადა BBC News-ს ვოლონგონგის უნივერსიტეტის საზღვაო მკვლევარმა ჰელენ მაკგრეგორმა.
მარჯნებს, რომლებიც ცხოველებია და არა მცენარეები, შეუძლიათ საუკუნეების განმავლობაში იარსებონ, რაც ასახავს მათ ბუნებრივ გარემოსთან დაკავშირებულ ქიმიურ მაჩვენებლებს. ავსტრალიელმა მკვლევარებმა ათასობით ბირთვის მონაცემები ხელახლა შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ წინა ათწლეულში დიდი ბარიერული რიფის გარემო ტემპერატურა ყველაზე მაღალი იყო ბოლო 400 წლის განმავლობაში.
”დიდი ბარიერული რიფისთვის ბოლოდროინდელი მოვლენები გამანადგურებელია. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს იმედის ნაპერწკალი. თუ ერთად შევაჩერებთ გლობალური დათბობის პროცესს, არამარტო მარჯნის რიფები, არამედ მთელი მსოფლიო ამჟამინდელ მდგომარეობას გადაურჩება. როდესაც ზღვის ტემპერატურა ძალიან მაღალია, მარჯნები გამოდევნიან წყალმცენარეებს, რაც მათ გათეთრებას იწვევს. საბოლოოდ, [სხვა] წყალმცენარეები იზრდება თეთრი მარჯნის ზედაპირზე და ის ყავისფერდება. არ მინდა ვაღიარო, რომ ბუნების ეს საოცრებები განწირულია. რიფები გეოლოგიურ დროში უამრავ ცვლილებას გადაურჩნენ”, - თქვა მკვლევარმა ბენჯამინ ჰენლიმ.
დიდი ბარიერული რიფი ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ კვლევამ შეიძლება დაარწმუნოს იუნესკო, რომ რიფს „გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის“ ოფიციალური სტატუსი მიანიჭოს.
„ვფიქრობ, მთავრობებმა პოლიტიკა გვერდზე უნდა გადადონ. ახალი კვლევა უზარმაზარ სიგნალს გაუგზავნის მსოფლიოს, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა. ჩვენ, მეცნიერებმა, ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო შეთანხმებები [გლობალური ტემპერატურის ზრდის შეზღუდვაზე],“ - თქვა საზღვაო მკვლევარმა ჰელენ მაკგრეგორმა.
0
0