
მსოფლიო ლიდერები ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაზე თავდასხმას ეხმაურებიან და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ. ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა მომხდარს ეროვნული ტრაგედია უწოდა, რომელმაც ქვეყანას დარტყმა პირდაპირ გულში მიაყენა.
„ისინი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდათ. ასევე მასწავლებელი, რომელიც მათ ამ მოგზაურობაში თან ახლდა“, – თქვა კანცლერმა.
ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელემა თქვა, რომ ამ საშინელების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. მისი თქმით, მაშინ როდესაც ავსტრია გლოვობს, ხალხი ერთად დგას.
ავსტრიას სამძიმარი გამოუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩემი ფიქრები მსხვერპლთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა. სკოლები არის ახალგაზრდობის, იმედის და მომავლის სიმბოლო. რთული ასატანია, როდესაც სკოლები სიკვდილისა და ძალადობის ადგილი ხდება. მადლობას ვუხდი საგანგებო სამსახურებს და ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში დახმარება გასწია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში.
ტრაგედის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფისიც გამოემხაურა.
„ჩვენი ფიქრები არის ყველა დაშავებულთან და ავსტრიელ ხალხთან“, – ნათქვამია სტარმერის განცხადებაში.
კანცლერ შტოკერს და ავსტრიელ ხალხს უსამძიმრებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, იტალის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და სხვა ლიდერები.
„მსურს უღრმესი სამძიმარი გამოვუცხადო ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერს და ავსტრიელ ხალხს გრაცში, სკოლაში ტრაგიკული სროლის შემდეგ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მსხვერპლთა ოჯახებთანა!“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.
„მწუხარებით შევიტყვე ტრაგიკული ამბის შესახებ ავსტრიაში, გრაცში, სკოლასთან დაკავშირებით, სადაც მოსწავლემ რამდენიმე ადამიანი მოკლა და დაჭრა, ზოგიერთი მათგანი მძიმედ. ჩემი და მთელი იტალიის მთავრობის ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან, დაშავებულებთან და მათ ახლობლებთანაა“, – წერს ჯორჯია მელონი.
„საშინელი ამბები გრაციდან. ჩვენი ფიქრები ჩვენს ავსტრიელ მეგობრებთან და მეზობლებთანაა, ჩვენ ვგლოვობთ მათთან ერთად“, – წერს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
„შოკირებული ვარ გრაცის სკოლაში სროლის გამო. ეს არის ძალადობის უაზრო აქტი ისეთ ადგილას, სადაც ბავშვები თავს უსაფრთხოდ და დაცულად უნდა გრძნობდნენ. ჩემი ფიქრები ამ რთულ დროს დაღუპულთა ოჯახებთან და მეგობრებთანაა“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
0
0