
მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ საბჭოში ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – ირაკლი სასანია წარმოადგენს.
„აღნიშნული საბჭო წარმოადგენს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ უმაღლეს მმართველ რგოლს. მასში გაწევრიანება ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, საერთაშორისო ჯანდაცვის დღის წესრიგის ფორმირებასა და გლობალური გამოწვევების მართვაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ავტორიტეტსა და გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ირაკლი სასანიას განცხადებით, აღმასრულებელი საბჭო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მმართველი ორგანოა, რომელიც ადგენს დღის წესრიგსა და განსაზღვრავს გლობალური პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებებს. მისივე თქმით, მის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობა ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი აღიარება და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა.
„გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კოპენჰაგენში ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაზე გამართული ფარული კენჭისყრა, სადაც ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ირაკლი სასანიას კანდიდატურა აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად. ამჟამად ჟენევაში მიმდინარე ასამბლეაზე კი ნომინირებული კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა წარმატებით დასრულდა და გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. საქართველოს კანდიდატურის წარდგენის წინა მოსამზადებელ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო“, – ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 34 წევრისგან შედგება, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევენ.
„საბჭოს ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგის მართვა. ამ მაღალი დონის პლატფორმაზე საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საერთაშორისო როლის გასაძლიერებლად“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0
მამაკაცმა ყოფილი მეღლე დაჭრა
03/06/2026