
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ევროკავშირის ლიდერები მიესალმებიან დონალდ ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში ომის დასრულების კონტექსტში.
ამასთანავე, განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება, მოლაპარაკებები შეიძლება, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში წარიმართოს.
„ჩვენ, ევროკავშირის ლიდერები, მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებისა და უკრაინისთვის სამართლიანი, მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიმართულებით. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოიტანს, უნდა იცავდეს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს ასევე იმას, რომ საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.
„მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. მოლაპარაკებები შეიძლება, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში წარიმართოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი, აშშ-თან და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან კოორდინაციით, გააგრძელებს უკრაინისთვის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას.
„ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები მზად არიან, თავიანთი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტიებში დამატებითი წვლილი შეიტანონ. ევროკავშირი ხაზს უსვამს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი ბედი და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.
0
0