
ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა - მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს" - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
ადამიანის უფლებები, ამ კუთხით ქვეყანაში გადადგმული ნაბიჯები, მთავარი ფასეულობები, საქართველოს ისტორია და ღირებულებები, ტრადიციები, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, - ეს იყო მთავარი თემები, რომლებზეც პრემიერმა ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჭიროა ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის. "მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას," - აცხადებს პრემიერი.
მისივე თქმით, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე.
"ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს - არავის ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს - სხვათა ინტერესების გამო,"- ამბობს პრემიერ-მინისტრი.
მემარჯვენეთა ყველაზე მასშტაბურ ფორუმზე სპიკერებს შორის ირაკლი ღარიბაშვილი მესამე გამომსვლელი იყო. ბუდაპეშტში დაგეგმილია ასევე მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრებიც. პატივი სცენ უმრავლესობის ნებას - ეს არის მსოფლიოს მემარჯვენეთა ფრთის მთავარი იდეა. კონფერენციის ისტორია ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყება და მასში მონაწილეობას პრეზიდენტის რანგში, სხვადასხვა დროს - რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში და დონალდ ტრამპიც იღებდნენ.
0
0