22/05/2023
13:49
პოლიტიკა
ჩვენ არანაირი სანქციების დაწესებას არ ვაპირებთ და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არცაა, სწორედ ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამის ფონზე მოწოდება, რომ რუსი ეროვნების ადამიანები მიუღებლები არიან, არ შემოვუშვათ და ასე შემდეგ, ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქსენოფობიური განწყობის შექმნასა და ამ კამპანიის წარმართვაში ყოფილი სახალხო დამცველი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები იყვნენ ჩართულები.
„არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ და საქართველოს უსაფრთხოებაში ხელებს აფათურებენ. გახსოვთ, შარშან ასეთმა ჯგუფებმა ხელოვნურად შექმნეს ის თემები, რაც დღეს საქართველოში ტრიალებს. ეს ეხებოდა რუსეთთან ვიზის დაწესებასა და საზღვრის ჩაკეტვას. ამ ისტერიული კამპანიის მიზანი მაშინ ქსენოფობიური განწყობის შექმნა იყო. ამაში ჩართული იყო მაშინდელი სახალხო დამცველი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. მაშინაც ყველას ვაფრთხილებდით, რომ ეს ქსენოფობიისკენ ბიძგი იყო. ამის შედეგი იყო ის, რომ შარშან ჭავჭავაძის გამზირზე, სლავური გარეგნობის მქონე ერთ-ერთ ადამიანს ქვა ესროლეს. ახლაც იყო მსგავსი ინციდენტი. ადამიანს მანქანაში მიუვარდნენ, რადგან სლავური გარეგნობა ჰქონდა. ეს ქსენოფობიის წაქეზებაა და მნიშვნელოვანია, ამას სახელი თავიდანვე დაერქვას.
ჩვენ არანაირი სანქციების დაწესებას არ ვაპირებთ და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არცაა, სწორედ ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამის ფონზე მოწოდება, რომ რუსი ეროვნების ადამიანები მიუღებლები არიან, არ შემოვუშვათ და ასე შემდეგ, ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0