20/01/2023
15:34
სამხედრო
“ჩვენ განუწყვეტლივ მოვუწოდებთ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას, რომ განიხილონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კონფიდენციალურად და არა საჯაროდ”, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნების თხოვნით მიმართა.
„ახლა არის ძალიან სენსიტიური დრო. რუსეთი აწარმოებს ომს იმისთვის, რომ უკრაინას წაართვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, გადახედონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის დასახმარებლად.
საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ჰუმანიტარულ სფეროში, საერთაშორისო ფორუმებში კენჭისყრებში მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ, ყველა კარგად აცნობიერებს, რა სენსიტიურ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, ვინაიდან მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად“, - აღნიშნა ელჩმა.
0
0