09/12/2022
11:00
მსოფლიო
პარასკევს, ღამით, ძლიერი ხანძარი გაჩნდა დიდ სავაჭრო ცენტრ "მეგა ხიმკიში", რომელიც ლენინგრადის გზატკეცილზე, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის საზღვართან მდებარეობს.
სააგენტო TASS, სასწრაფო დახმარების სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სავაჭრო კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე ხანძარია და ხანძრის ფართობი 18000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მას მიენიჭა სირთულის მეოთხე კატეგორია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
მოსკოვის დროით დილის 8:30 საათზე სასწრაფო დახმარების სამსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძარი 7000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო ლოკალიზებული.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ხანძარი OBI ჰიპერმარკეტის სახურავს გაუჩნდა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა კი, TASS-ს განუცხადა, რომ OBI-ში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც კონსტრუქციამ ნგრევა დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. „გარდაცვლილი მამაკაცი, შესაძლოა, დაცვის თანამშრომელია. მისი ცხედარი შემოწმების დროს აღმოაჩინეს".
საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ხანძრის ჩასაქრობად ავიაციის მოზიდვას აპირებს. დასახმარებლად მოსკოვიდან მეხანძრეები ჩამოდიან.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა ინტერფაქსს განუცხადეს, რომ ცეცხლის გაჩენის სხვადასხვა ვერსიები განიხილება, მათ შორის ტექნიკური - მოკლე ჩართვა ელექტრო ქსელში. „განიხილება ასევე მიზანმიმართული ქმედებები, ანუ ცეცხლის წაკიდება" - ციტირებს სააგენტოს წყარო.
0
0