
ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერმა ადგურ არძინბამ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზ,ე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, კომენტარი გააკეთა.
„ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა მოკავშირემ და სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთმა, გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, გარდა ამისა, განახლდება პირდაპირი ფრენები და ჩვენი მხრიდან არანაირი რეაქცია არ არის მაშინაც კი, როცა რუსული ავიახაზების საიტებიდან აფხაზეთის ხსენება ამოღებულია“ - წერს ის ტელეგრამის არხზე.
არძინბა მიუთითებს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული აფხაზეთს შორის „ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების მე-3 მუხლზე, რომელიც ეხება „კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას“.
„არავინ ამბობს, რომ მსოფლიო ძალამ, რუსეთის ფედერაციამ, კოორდინაცია უნდა გაუწიოს აფხაზეთს ჩინეთთან ან კოლექტიურ დასავლეთთან ურთიერთობისას, მაგრამ როცა საქმე ეხება სახელმწიფოს, რომელთანაც აფხაზეთი ომშია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი აზრი აქ, გასათვალისწინებელია.
ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის ხელმძღვანელობის მდუმარე პოზიცია გაუგებარია. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, რბილად რომ ვთქვათ, არ გაუმჯობესებულა - მხოლოდ ერთი მაღალ დონეზე შეხვედრა, მთავრობის მეთაურის მხოლოდ ერთი ვიზიტი მოსკოვში, უკიდურესად დაბალი აქტივობაა. ასლან ბჟანიას საერთოდ არ მიუღია მოწვევა მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე“, - განაცხადა არძინბამ.
ის დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ „სახელმწიფოსა და ეროვნულის“ ნაცვლად, „ვიწრო კორპორატიული, ოლიგარქიული“ დღის წესრიგი აირჩია.
„არავინ არაფრად ჩათვლის მათ, ვინც მსოფლიო რყევების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ იფიქროს იმაზე, თუ როგორ დაიცვას და შეინარჩუნოს თავიანთი ხალხი, ეწევა პიროვნულ გამდიდრებას და ემსახურება ოლიგარქებს. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სახელმწიფოს ავტორიტეტი და ბედი დიდად არის დამოკიდებული იმ ქმედებებზე და სიგნალებზე, რომელსაც დღეს ჩვენი ხელმძღვანელობა აგზავნის ქვეყნის გარეთ. შემდეგ კი ამ ყველა ხარვეზის გამოსწორებას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება“, - დასძინა არძინბამ.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025