23/03/2023
12:30
პოლიტიკა
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა „ქართული ეროვნული ლეგიონის“ წევრები, რომლებიც უკრაინაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვიან.
„მედიაზონა“ წერს, რომ ჯგუფის ოთხი წევრი დაუსწრებლად დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ მოსკოვის სასამართლოების ბარათებში მოიპოვა.
რუსეთში აცხადებენ, რომ ისინი დაქირავებულები არიან. დაუსწრებლად დაკავების საქმის მოსმენა 3 მარტს გაიმართა, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია სასამართლოების საქმეში მხოლოდ ახლა გამოჩნდა.
ამასთან, „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან საუბარში ამბობს, რომ დაუსწრებლად დააკავეს 24 მებრძოლი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ქართული ეროვნული ლეგიონის 24 წევრის მიმართ მერკენარიზმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გამოაცხადა.
მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ მორალური თვალსაზრისით მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება მებრძოლებისთვის „არაფერს ნიშნავს“. თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მთავრობამ, რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მებრძოლები საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოსკოვში გადაიყვანოს.
0
0