
"მოსკოვი ყურადღებით აკვირდება ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაციის განვითარებას, რომელთანაც რუსეთს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა აქვს". ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, რუსული მხარე აფხაზეთში აგზავნის დამკვირვებლებს, რომლებიც „უცხოელ კოლეგებთან ერთად დააკვირდებიან ხმის მიცემის პროცესს“.
„სამწუხაროდ, ნოემბრის არეულობის შემდეგ, აფხაზეთში შიდა პოლიტიკური ვითარება სრულად არ დასტაბილურდა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ 1 მარტს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა თავისუფლად მისცეს ხმა თავის კანდიდატს, ნების გამოვლენის პროცესი იქნება ორგანიზებული მკაცრად ეროვნული კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების დაცვით, კანონიერი და წესრიგის სათანადო უზრუნველყოფით და შედეგები იქნება აღიარებული ყველა პოლიტიკური ძალის მიერ. ეს არის ძალიან დემოკრატიული პროცესი, რომელიც დაფუძნებულია კანონიერებაზე. მოსკოვი ელის, რომ საარჩევნო ციკლის დასრულება გამოიწვევს რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას და მისი კეთილდღეობის ზრდას რუსეთთან მოკავშირე ურთიერთობების საფუძველზე“, - განაცხადა მან.
ზახაროვამ ასევე ჩამოთვალა ის პროექტები, რომლებიც მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო თვეებში განახორციელა:
„ჩატარდა სოხუმის აეროპორტის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია, ადგილობრივ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიხსნა ტელემედიცინის ცენტრი, დაიწყო აფხაზი სკოლის მოსწავლეების ზოგადი სამედიცინო გამოკვლევის პროგრამა და ამაში ბევრი დამატება გაკეთდა".
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მოსკოვის ფავორიტი ბადრა გუნბა და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა მონაწილეობენ, ოკუპირებულ აფხაზეთში 1 მარტს გაიმართება.
0
0