
მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე. ასეთ დროს მოსამართლე ვალდებულია, [დაყადაღებული] ქონება მიაქციოს სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც არ გააკეთა. დასკვნითი სიტყვის დროსაც გავაჟღერე ჩემი ეჭვები, რომ ეს საქმე გამოყენებული იქნებოდა შემდეგ სამოქალაქო დავის დასაწყებად, ალბათ, ეს ასეც იქნება, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
დღეს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბაჩიაშვილის კუთვნილ ქონებას დადებული ყადაღა მოხსნა. ადვოკატი ეჭვობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ზიანის ანაზღაურების მიზნით ბაჩიაშვილთან სამოქალაქო დავას დაიწყებს.
„ძალიან მოულოდნელი იყო-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. თუმცა, წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, სადაც დეტალურად განვიხილეთ გამოძიების და სასამართლო განხილვის ყველა ხარვეზი, ასევე მოწმეთა ჩვენებების შეუსაბამობა, ცხადია, ამ ფორმით ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი. რაც შეეხება დასაბუთების ნაწილს და იმას, რაც მოსამართლემ აღნიშნა - აქცენტი გაამახვილა ჩანაწერზე, რომელზეც პირველივე დღიდან ვაცხადებდით, რომ ავთენტური იყო და ფაქტობრივად, აღიარა, რომ მონტაჟი არ არის, მაშინ გაურკვეველია, რატომ შეაფასა სამხარაულმა, რომ ეს დამონტაჟებული იყო. გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე და ასეთ დროს, მოსამართლეს არ აქვს არჩევანის უფლება, ვალდებულია, ქონება მიაქციოს სახელმწიფოს საკუთრებაში ავტომატურ რეჟიმში, ქონება არ გადასცა. მე მეგონა, გამომრჩა და დავაზუსტებინე, ქონება არ გადამიციაო. ანუ ეს რას ნიშნავს? რაც დასკვნითი სიტყვის დროს გავაჟღერე ჩემი ეჭვები, რომ ეს საქმე გამოყენებული იქნებოდა შემდეგ სამოქალაქო დავის დასაწყებად, ალბათ, ეს ასეც იქნება.
დღეს ეს ვარაუდია, მაგრამ ხვალ, ან ზეგ ამაში ჩვენ ყველანი ერთად დავრწმუნდებით. სავარაუდოდ, ზიანის ანაზღაურების ნაწილში წავა ეს დავა.“, - განაცხადა მახარაშვილმა.
გაასაჩივრებენ თუ არა ისინი საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, ეს ჯერ უცნობია.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
0
0
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
10/03/2025