
თბილისში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
28 წლის ნიკა მატკავა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ახლობლები ამბობენ, ის, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ბიჭი სახლში მარტო იყო და როგორც ჩანს, ვერ შეძლო თავის დაღწევა, ცხედარი ბინაში აღმოაჩინეს.
ყველა განიცდის მომხდარს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ნიკას დადებითად ახასიათებენ ახლობლები და ამ ტრაგედიით შეძრულები არიან.
"ნიკა, როგორ მტკივა გული, არ მჯერა, რომ აღარ ხარ. შენ ხომ სიცოცხლე ძალიან გიყვარდა. რატომ, ღმერთო რატომ?" - წერს ბიჭის დეიდა და ნიკას ფოტოს აქვეყნებს.
"არ ვიცი დეტალები, ახლა გავიგე ეს თავზარდამცემი ამბავი. ნიკა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ერთ კლასში ვსწავლობდით. გამორჩეული ადამიანი იყო, ძალიან თბილი და მოსიყვარულე. ერთი ძმა ჰყავს, მასზე უმცროსი - ლუკა. პატარები იყვნენ დედა რომ გარდაეცვალათ. როგორც მახსოვს, მე-8 თუ მე-9 კლასში ვიყავით, ნიკას დედა რომ დაიღუპა.
ძალიან გულსატკენია მისი ასე ნაადრევად გარდაცვალება, ბოლო დროს არ მქონია მასთან ურთიერთობა, სოციალურ ქსელში დიდად არ აქტიურობდა. ახლა გავიგე ეს მძიმე ამბავი. მისმა ბიძამ დაწერა თავის "ფეისბუკის" გვერდზე, რომ ნიკა გარდაიცვალა, გაზის გაჟონვის შედეგად.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველას, ვისაც ნიკა უყვარდა", - ამბობს თანაკლასელი.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი მორაგბე ლუკა მატკავას ძმაა.
0
0