
სომხეთში, ამბერდის შუა საუკუნეების ციხესიმაგრეში არქეოლოგებმა კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მმართველის, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს. - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

აქვე ნაპოვნია კარგად შენახული ადამიანის ჩონჩხი და არტეფაქტები, რომლებიც ახლებურად აშუქებენ შუა საუკუნეების ყოველდღიურ ცხოვრებას.
აღნიშნული აღმოჩენები გაკეთდა ამბერდის ციხესიმაგრის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალში მიმდინარე სარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოების დროს — იტყობინება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებებს შორის არის მონეტა XII-XIII საუკუნეების ცნობილი ქართევლი მეფის, თამარ მეფის გამოსახულებით, რომლის მმართველობაც რეგიონში შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და კულტურული გავლენის პიკს წარმოადგენდა.
გათხრების დროს, ციხის შიდა თავდაცვით კედელთან ახლოს, ასევე აღმოაჩინეს ახალგაზრდა მამაკაცის ნეშტი. არქეოლოგების განცხადებით, ჩონჩხის თითქმის 90% შენარჩუნებულია და მხოლოდ თითების ძვლები აკლია. კბილების მდგომარეობიდან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის ახალგაზრდა ასაკის უნდა ყოფილიყო.
მკვლევრებმა ასევე იპოვეს საგნები, რომლებიც, სავარაუდოდ, შუა საუკუნეების სამაგიდო თამაშის, „თამას“ ფრაგმენტებია - თამაშის, რომელიც თანამედროვე შაშკს წააგავს.

ამბერდში არქეოლოგიური და სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება.
0
0