11/12/2024
17:16
მსოფლიო
მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება 11 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
ეს გამოწვეულია რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის რისკით.
მოლდოვა გაზს რუსეთიდან ხელშეკრულებით იღებს, რომელიც მოქმედებს 2026 წლის ოქტომბრის ბოლომდე.
2022 წლის შემოდგომიდან რუსულმა „გაზპრომმა“ შეზღუდა გაზის მიწოდება დღეში 5.7 მილიონი კუბური მეტრით, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია მოლდოვას მოხმარებაზე ზამთარში.
შედეგად, გასული წლის ბოლოდან მთელი რუსული გაზი იგზავნება დნესტრისპირეთში, სადაც იგი გამოიყენება ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მოლდოვის სახელმწიფო ელექტროსადგურზე, დანარჩენი კი შიდა საჭიროებისთვის.
ნოემბრის ბოლოს მოლდოვის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ვიქტორ პარლიკოვი პეტერბურგში შეხვდა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს და განიხილა მოლდოვაში გაზის მიწოდების საკითხი, უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ.
თუმცა, რუსულმა მხარემ ცხადყო, რომ ეს საკითხი დაკავშირებულია „მოლდოვაგაზის“ ისტორიული ვალის გადახდასთან.
მოლდოვა აღიარებს საერთაშორისო აუდიტის შედეგებს, რომელმაც აჩვენა, რომ ვალი 8.6 მილიონი დოლარია. რუსული მხარე არ ეთანხმება დასკვნებს.
„ახლა მათ უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვა. ველოდები ოფიციალურ დოკუმენტს“, – განაცხადა პარლიკოვმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დნესტრის მარცხენა სანაპიროზე გაზის კრიზისის რისკი ძალიან რეალური რჩება. მოლდოვაში ახლა ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობაზე გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
0
0