16/03/2023
14:35
მსოფლიო

საქართველომ და მოლდოვამ უკრაინის მონაწილეობის გარეშე უნდა მოიცილონ რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიებზე - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
„ქართველებმა ეს უნდა გააკეთონ. მოლდოველებმა ეს უნდა გააკეთონ, თუ მიიჩნევენ, რომ ეს ტერიტორია პირდაპირ მათ ეკუთვნის“ - განაცხადა დანილოვმა.
მას მიაჩნია, რომ ქვეყნები, სადაც რუსეთის ფედერაციას აქვს თავისი გავლენა და ყოფნა, ვერ განვითარდებიან.
„ამის მაგალითია მოლდოვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას ექნება განვითარების პერსპექტივა, სანამ არ გათავისუფლდება რუსი ოკუპანტისაგან. საქართველოს მაგალითი. 2008 წელს, როდესაც ეს ტერორისტები შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ დაიკავეს საქართველოს ნაწილი - იგივე სიტუაციაა. ტერიტორია აბსოლუტურად განადგურებულია, არ ვითარდება და არ იქნება განვითარების პერსპექტივა, რადგან არავინ ჩადებს ფულს ისეთ ტერიტორიებში, სადაც ტერიტორიული საკითხი არ არის განსაზღვრული“ - განაცხადა დანილოვმა.
გარდა ამისა, მან „უცნაური“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ უნდა იყოს პუნქტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ.
„მაშინ თქვით, რომ ეს არ არის თქვენი ტერიტორია, მაგრამ ეს საჯაროდ უთხარით მთელ მსოფლიოს. ეს ბიზანტიური სტილი, რომელიც გარკვეულ დრომდე არსებობდა პოლიტიკაში, წარსულის საგანი უნდა გახდეს“ - განაცხადა დანილოვმა.
0
0