-share.jpg)
სქესობრივი კავშირის იძულება, სიცოცხლის მოსპობის მუქარა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა - მხოლოდ სამ თვეში სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ ამ ბრალდებით 4 პირი დააკავა.
ერთ-ერთი მათგანი, კახეთის რეგიონში მცხოვრები, 27 წლის მამაკაცია. როგორც დაზარალებული, 18 წლის გოგო აცხადებს, მისი მძიმე ისტორია 3 წლის წინ დაიწყო. მსხვერპლი იხსენებს, რომ სოციალურ ქსელში გაცნობილი მამაკაცი მას ინტიმური ფოტო-ვიდეო კადრების გაგზავნას ჯერ კიდევ მაშინ სთხოვდა, როდესაც არასრულწლოვანი იყო.
“კურიერის” ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ რამდენიმეთვიანი კონტაქტის შემდეგ, უკანონოდ მოპოვებული კადრებით მუქარა და შანტაჟი დაიწყო. მოძალადე მსხვერპლს შეხვედრას და სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდა, მათ შორის სხვა პირებთანაც. დაზარალებული ამბობს, რომ მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამო, ექიმების დახმარება დღემდე სჭირდება.
ვიდრე მოძალადე შეხვედრას აიძულებდა, გოგონამ მომხდარი ჯერ მეგობარს უამბო, შემდეგ კი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეატყობინა. 27 წლის მამაკაცი მალევე დააკავეს. სავარაუდო მოძალადის ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ.
გამოძიება გრძელდება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის წინააღმდეგ, არაერთი მტკიცებულება მოიპოვა.
ცნობისთვის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამოძიება, პირადი ცხოვრების ხელყოფის 138 ფაქტზე დაიწყო. პასუხისგებაში კი, 32 პირი მიეცა. სისხლის სამართლის მუხლები, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულს გულისხმობს, 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
0
0