10/12/2022
15:05
პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი, მისაღები იყოს ყველასთვის. განსაკუთრებით, აქ საუბარია „ქართული ოცნების“ დარწმუნებაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი ამ თანამდებობაზე საუკეთესო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ფრაქციებს შორის კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი გახდა ომბუდსმენობის 19-კაციანი სიის 8 კანდიდატამდე შემცირება.
„კანდიდატთა წრე შევიწროებულია. ახლა მთავარია ყველა პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს. მნიშვნელოვანია იყოს კვალიფიციური უმრავლესობა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი ხმები „ქართულ ოცნებას“ აქვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ომბუდსმენობის კანდიდატი უნდა იყოს თანაბრად მისაღები ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის.
როგორც ცნობილია, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის ვადა, 8 დეკემბერს ამოეწურა.
0
0