30/12/2024
12:30
პოლიტიკა
კარგია, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელმაც წერტილი დაუსვა ყველანაირ სპეკულაციას ამ არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, - განაცხადა ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ელჩებმაც იმუშაონ პარტნიორ ქვეყნებში იმისთვის, რომ დეზინფორმაციის ნიაღვარი შეჩერდეს და ყველამ გააცნობიეროს ის სიმართლე, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაშიც არის ასახული.
„საქართველოს ელჩების ყოველწლიური კონფერენცია მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც პარლამენტისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ ელჩებთან, მისიების ხელმძღვანელებთან გვქონდეს კომუნიკაცია იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ საელჩოების მეშვეობით მიტანილი იყოს ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან საზღვარგარეთ. განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც მწვავე გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი რეგიონი. ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონფლიქტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, თავის გავლენას ახდენს საქართველოზე. მნიშვნელოვანია, რომ ელჩებმა ჩვენი მშვიდობის პოლიტიკა და ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ამ მხრივ, მიიტანონ ჩვენს პარტნიორებამდე.
მეორე მხრივ, ჩვენ წელს გვქონდა მნიშვნელოვანი არჩევნები და ვხედავთ, თუ რამხელა ქარიშხალია დეზინფორმაციის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. კარგია, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელმაც წერტილი დაუსვა ყველანაირ სპეკულაციას ამ არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ელჩებმაც იმუშაონ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იმისთვის, რომ ის ნიაღვარი დეზინფორმაციისა, რომელიც სამწუხაროდ, მათ შორის, უცხოური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ხორციელდება, ეს დეზინფორმაცია შეჩერდეს და ყველამ გააცნობიეროს ის სიმართლე, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაშიც არის ასახული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0