
ამცირებს თუ არა სასჯელის გამკაცრება კრიმინალს?
დანაშაული და დანაშაულის შემცირება საზოგადოებაში ყოველთვის აქტუალური თემაა. საზოგადოების ძირითადი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასჯელის გამკაცრება და დამნაშავეების სამაგალითოდ დასჯა, ადამიანებს უარს ათქმევინებს, მომავალში, უკანონო ქმედებაზე.
რეალურად, საქმე ასე მარტივად არ არის და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სასჯელის გამკაცრება დანაშაულის პრევენციას არა თუ ახდენს, არამედ პირიქით - გარკვეულ შემთხვევებში, დამნაშავეთა რაოდენობას ზრდის კიდეც. სასჯელის გამკაცრება ვერ ახდენს გავლენას კრიმინალის დონის შემცირებაში.
ძირითად შემთხვევებში, დამნაშავეებს დანაშაულისკენ უბიძგებს - სიბრაზე, დეპრესია, ალკოჰოლი, მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ნარკოტიკი და ა.შ. დანაშაულის ჩადენისას სავარაუდო რისკებზე არავინ ფიქრობს- ღირს თუ არა გარკვეული მიზნებისთვის სიცოცხლის წლების დაკარგვა. სასჯელის გაზრდა გარკვეული ტიპის დამნაშავეებზე არ მოქმედებს.
რეციდივიზმის პრევენცია
ერთადერთი დადებით რამ, რაც სანქციების გამკაცრებას მოჰყვება, რეციდივიზმის პრევენციაა. მძიმე სასჯელის მოხდის შემდეგ, ადამიანები ერიდებიან იგივე გზის გავლას, მაგრამ სიტუაცია არც აქ არის მარტივად. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ადამიანები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვარდებიან და უჭირთ თვითრეალიზება. ძველ პრობლემებს, რის გამოც დანაშაული ჩაიდინეს, ახალი ემატება.
ციხეში ყოფნის შემდეგ, დასაქმება რთულდება, რადგან დამსაქმებლების უმეტესობა ნასამართლევი ადამიანების სამსახურში აყვანას ერიდება. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ნასამართლევ პირებს მრავალი სირთულე ექმნებათ - იზრდება მათი უსახლკარობის შანსები, უარესდება ოჯახური ურთიერთობები, ეწყებათ დეპრესია - ეს და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი სასჯელმოხდილ პირებს ხელახალ ბიძგს აძლევს კვლავ დაადგნენ კრიმინალის გზას.

ამერიკის შეერთებულ შტატების პენიტენციურ დაწესებულებებში ნამყოფი პირების 77%, 5 წლის განმავლობაში, ისევ უბრუნდება ციხეს. იმის მიუხედავად, რომ აშშ-ს კონსტიტუცია მკაცრია და ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯაც დღემდე ლეგალურია, ადამიანები მაინც არ ერიდებიან დანაშაულის ჩადენას.
პრობლემა არ არის სასჯელის სიმსუბუქეში, არამედ სასჯელში და თანამედროვე სამართლებრივ სისტემაშია. დანაშაულის ფესვები მომდინარეობს კულტურიდან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობებიდან. უნდა ებრძოლო დანაშაულის საწყისს და არა შედეგს.
ციხეში ყოფნა ადამიანებს უკეთესს არ ხდის. პირიქით, აკარგვინებს დროს, რომელიც ბევრად უფრო პროდუქტიულად უნდა გამოიყენონ -დაეუფლონ პროფესიებს, მიიღონ განათლება და ჩაერთონ გამოსასწორებელ შრომის პროგრამებში.

(კარიკატურა; ამერიკული საპატიმრო სისტემა)
როგორ შევამციროთ კრიმინალის დონე - დასჯა თუ რეაბილიტაცია?
თანამედროვე სახელმწიფოებში გაჩნდა ახალი კითხვა - პატიმრების დასჯა, თუ მათი დახმარება და რეაბილიტირება, გადაქცევა საზოგადოების პროდუქტიულ წევრებად.
ევროპული ქვეყნები დამნაშავეთა მიმართ მიდგომას ცვლიან. ნიდერლანდებმა რამდენიმე წლის განმავლობაში ციხეებისა და პენიტენციური დაწესებულებების რაოდენობა გაანახევრა და დამნაშავეებისთვის სასჯელის მაგივრად, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაიწყო. იმდენად შემცირდა ნიდერლანდებში კრიმინალის რაოდენობა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა სხვა სახელმწიფოების დახმარება და დღესდღეობით, ნიდერლანდების ციხეებში მყოფი პირების 19.1% სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიიან. მსგავსი მიდგომით ნორვეგიამ რეციდივის რაოდენობა 20%-ამდე შეამცირა, რაც დღესდღეობით, მსოფლიოში ყველაზე კარგი მაჩვენებელია.
როგორ უნდა მიუდგეს სამართლებრივი სისტემა დამნაშავეებს - ციხე და მკაცრი სასჯელი, თუ უკეთესი გზების ძიება მათ დასახმარებლად.

https://newsroom.unsw.edu.au/news/business-law/do-harsher-punishments-deter-crime
https://www.prisonstudies.org/country/netherlands
https://www.theguardian.com/world/2019/dec/12/why-are-there-so-few-prisoners-in-the-netherlands
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
0
0