12/07/2023
16:29
საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივამედში“ პოლონელი მედიკოსები შევიდნენ.
„როგორც ხედავთ, ჩვენი პოლონელი კოლეგები ვიზიტით არიან. ჩვენ ნებართვა ყოველთვის გაცემული გვქონდა. პაციენტიც საქმის კურსშია, რომ ექიმები აქ არიან. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ჩვენი კოლეგები ნახავენ და შემდეგ გაგესაუბრებით“, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში მოითხოვდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მონახულების მიზნით საქართველოში პოლონელი ექიმები შემოეშვათ.
4 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში მისთვის სასურველი ექიმების ჩართვის შეთავაზება გასული წლის ნოემბერში გააკეთა, თუმცა მისმა ოჯახმა ოფიციალური წერილით სამინისტროს მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა და განაცხადი არასრულფასოვნად იყო წარდგენილი.
0
0