25/11/2022
12:37
პოლიტიკა
ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილი ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
როგორც ზარქუა ამბობს, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს და შეწყალების საფუძველი არ არსებობს.
„მნიშვნელობა არ აქვს, ამა თუ იმ პიროვნებას საზოგადოებაში რა სტატუსი აქვს. როდესაც მას დანაშაული აქვს, მიდგომაა, რომ მან უნდა მოიხადოს სასჯელი. საუბარი მაქვს პატიმარ სააკაშვილზე, ისევე, როგორც პატიმარ გვარამიაზე. პატიმრობა კონკრეტულ ბრალდებებზე აქვთ მისჯილი კონკრეტული ვადით. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს. იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი, თქვა, რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო და ვაგონი სად ნახა? ადამიანი არის არაადეკვატურობა.
მიუხედავად იმისა, რომ თქვა, არა და არასდროსო, შეწყალებას არ გამოვრიცხავ, რადგან ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს. მისი პრეროგატივაა და ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტს არალეგიტიმური, სამარცხვინო, მიუღებელი ეძახეს. ეს არის ინსტიტუცია, რომელიც მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. სალომე ზურაბიშვილს მართებს, ინსტიტუცია დაიცვას. შეურაცხყოფის შემდეგ იმ გუნდის ბელადის შეწყალება, ვისგანაც ასეთი ნიაღვარი მოდიოდა, მე არ ვიცი. რაც ჩანს, ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მათ შორის რაღაც ჯგუფის მხრიდან დასავლეთიდანაც პირდაპირ დარტყმებია, რომ აიძულონ და შეიწყალოს, მაგრამ შეწყალების საფუძველი არ არსებობს, რადგან კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი და სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ თქვან კონკრეტული დასკვნა – მერამდენე თვეა, ხან ერთ, ხან მეორე დაავადებაზე საუბრობენ. ამ დალოცვილებმა დაწერონ, რა სჭირს და შემდეგ ვკითხავთ პენიტენციურ სამსახურს, შეუძლია თუ – არა მკურნალობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის. „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0