
მინსკში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იგორ ნაზარუკსა და ბელორუსში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს გიორგი საგანელიძეს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
„შეხვედრაზე განიხილეს ბელორუსულ-ქართული დიალოგის აქტუალური საკითხები. მიღწეულია შეთანხმება ორმხრივი ინტერესის საკითხებზე ურთიერთქმედების გააქტიურების შესახებ“, - აცხადებენ სამინისტროში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა ბელორუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში და აფხაზეთის ლიდერის ასლან ბჟანიას ბელორუსში ვიზიტების გამო. 2022 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან „გადაიდო და ხელი არ მოაწერა ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას“.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას აფხაზეთის მთავრობის წევრები მინსკს ეწვივნენ "უწყებათაშორისი კონსულტაციებისთვის".
0
0