
“მინდა, მივმართო ოლიგარქის გოშიას: 1 მილიონი კი არა 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯებისთვის დასაფარად. სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში” - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში დაწერა, რომლითაც “ქართული ოცნების” ლიდერს, ირაკლი კობახიძეს უპასუხა.
სააკაშვილი წერს:
„კლინიკა „ვივამედის“ ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი.
ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე.
არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე!
მინდა, მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა და ყველა პუტინისტის აღსასრულს. მინდა, მივმართო ოლიგარქის გოშიას: 1 მილიონი კი არა 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯებისთვის დასაფარად. სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში.
ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ ყველა „პარლამენტარები“, „ჟურნალისტები“, ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება“, - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილის “ოჯახის თითქმის ყველა წევრი იყო ჩართული კორუფციულ საქმიანობაში. სააკაშვილის ოჯახს, მარტო საქართველოში, აქვს 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე. ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახი”.
0
0