10/01/2025
19:54
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევი ელოდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრას 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციიდან მალევე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა გეორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
სპიკერს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის განცხადებაზე, რომ ის უკვე მუშაობს კრემლის ხელმძღვანელთან შეხვედრის ორგანიზებაზე.
„დონალდ ტრამპმა ადრეც ისაუბრა ასეთი შეხვედრის გეგმებზე, ამიტომ ამაში ახალს ვერაფერს ვხედავთ“, - უპასუხა ტიხიმ.
მან განაგრძო, რომ უკრაინა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის დამყარებაზეა ორიენტირებული და მოუთმენლად ელის ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია: ჩვენ ყველას უკრაინაში გვსურს ომის სამართლიანად დასრულება უკრაინისთვის. ვხედავთ, რომ პრეზიდენტ ტრამპსაც ომის დასრულება უნდა. ამიტომ, მთავარია, რომ ახლა ველოდებით შეხვედრას ჩვენს პრეზიდენტებს - პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის - შორის, რადგან ჩვენთვის მთავარია, ვიმუშაოთ აშშ-თან ერთად მშვიდობისთვის.
ჩვენ ვემზადებით უკრაინულ-ამერიკული კონტაქტებისთვის უმაღლეს დონეზე ინაუგურაციიდან მალევე“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა.
0
0