
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველ პირებს აცნობებს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გადააჭარბა გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის დადგენილ 20%-იან ზღვარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში შეჩერდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით სარგებლობის მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილება.
რაც შეეხება სს “თელასს”, განაცხადებების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, იმის გათვალისწინებით რომ პიკური დატვირთვის 20%-იანი ზღვარი ასათვისებელია.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი მოხმარების მიზნით, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების მოწყობაზე შეზღუდვები არ ვრცელდება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მომხმარებელი მოინდომებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მოპოვებასა და შესაბამისად, მასთან დაკავშირებულ ჭარბ ელექტროენერგიაზე დარიცხვის სისტემით (ე.წ. „Net Metering“-ით) სარგებლობას.
მოქმედი კანონმდებლობით, ყველას აქვს უფლება საკუთარი საჭიროების დასაკმაყოფილებლად აწარმოოს ელექტროენერგია და შეამციროს ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო გამანაწილებელ ქსელში გაშვებული ჭარბი ელექტროენერგიით სარგებლობა, საჭიროებს სხვადასხვა ფინანსურ მოდელებში ჩართვასა და რეგისტრაციას.
0
0