
საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი კანონის - ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პრეამბულაშივე აღნიშნულია, რომ ჩვენ უნდა განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება და სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფო.
ეს არის ფიცი, რომელიც ჩვენმა ხალხმა საკუთარი თავისა და მომავალი თაობების წინაშე დადო და ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სწორედ აღნიშნული პასუხისმგებლობით არიან განმსჭვალული, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიამ აჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა.
„დღეს, სახელმწიფო მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს კიდეც ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსს.
საუკუნეებია, ჩვენი ხალხი საკუთარი შეუპოვრობით, სიმტკიცითა და რწმენით პატარა, თუმცა, ღირსეული და ამაყი ქვეყნის ისტორიას წერს; უკვე მრავალი ასწლეულია, ქართველი ხალხი ქმნის ყველასგან გამორჩეულ, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელ უნიკალურ კულტურას, რომელიც ჩვენს ისტორიასთან ერთად იმის თვალსაჩინო ნიმუშია, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ და რისკენ ვისწრაფვით.
ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ შევინარჩუნეთ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა და იდენტობა! ეს არის გზა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა განვლეს, შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია ამ გზას ერთგულად მიჰყვეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მომავალი თაობებისთვის ამოსავალი წერტილი იყოს საკუთარი სამშობლოს სიყვარული.
„დღეს უკვე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი და როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ ჩვენი შვილებისთვის.
საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მომავალი თაობებისთვის ამოსავალი წერტილი იყოს საკუთარი სამშობლოს სიყვარული, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაფრთხილება, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემა.
მსოფლიო გამოწვევების ფონზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ სახელმწიფომ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყოს ფიზიკურად ჯანმრთელი, კრიტიკულად მოაზროვნე და საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების აღზრდა, რომელთათვისაც თავისუფლების განცდა მჭიდროდ იქნება სამშობლოსთან დაკავშირებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
0
0