
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი.
როგორც მან სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეაგირებს პროცესებზე, ნაცვლად იმისა, რომ პროცესების შემქმნელი იყოს.
„გაგდებით თუ გემუქრებიან, მაშინ პროცესზე დასწრების აზრს ვერ ვხედავ. მე აქ თქვენთვის მოვდივარ. ჩვენი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ოპოზიციაც შეცდომას უშვებს – რეაგირებს პროცესებზე, ნაცვლად იმისა, რომ პროცესების შემქმნელი იყოს. ივანიშვილი უნდა პასუხობდეს მათ და არა პირიქით. ოპოზიციამ უნდა გადოს ხიდი ხალხთან, ჩაეხუტოს და უკან მოიტოვოს ისინი, ვისაც ეს ხალხი ეზიზღება. ჩვენს დროს სახელმწიფო ხალხის გვერდით იდგა, ფასები იყო კონტროლირებადი. წლების განმავლობაში გვატყუებდნენ, რომ ბენზინის ფასი დაიწევდა, მათ კი გააძვირეს, რაც აისახა სხვა პროდუქტებზეც. ჩვენი ამოცანაა, ვაიძულოთ საწვავზე აქციზის განახევრება. დენის ტარიფი გაიზარდა იმიტომ, რომ კორუფციაში ვიხდით. ნოღაიდელი, რომელიც წინა პროცესზე აქ ყელყელაობდა, რუსეთიდან დენის იმპორტში ფულს იპარავს.
გამიხარდება, თუ ოპოზიცია იქნება აქტიური და შემტევი, მაგრამ თვითდამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე შედეგს არავის მოუტანს. რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია – თქვენ ხომ ხართ მომავლის პოლიტიკოსები. ვინც მე მაკრიტიკებს, მათი 90 პროცენტი ჩემს დროსაც აქტიურად იყო პოლიტიკაში, ზოგი მთავრობაშიც. როგორ გამოდის, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია და ისინი – მომავლის? არის ხალხი, ვინც მე ფეხზე დავაყენე, ჩავაცვი და იმან გამხადა, მაგრამ უმეტესობა ძალიან კარგი ხალხია. საჭიროა გაერთიანება, ერთობლივი ბრძოლა და პიროვნული ამბიციების გვერდზე გადადება. ბევრმა გადადო თავი, ციხეში მოხვდა, მათ პატივს ვცემ და ეს უნდა გვესმოდეს.
ნოღაიდელს ელექტროგამანაწილებელი კომპანია აქვს და დენის ფასს ზრდის. აქ იმიტომ მოვიდა, რომ ბოლომდე ჩაეხუტა „ქოცებს“. სიმბოლურად სჭირდებათ, დაგვანახონ, რამხელა არსება ყოფილა მათ გვერდით. დღეს ბურჯანაძის მოყვანის შეეშინდათ, ისე გაუფარჩაკდათ ის მოწმე. მინდა, ყველას გავუწოდოთ ხელი, დავუდგეთ გვერდით და ვიყოთ ხალხზე ორიენტირებული. საკუთარი მხრებით უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს. როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ვერ აიღებს „ქოცების“ ხმებს – 2018 და 2021 წლებში ავიღეთ „ქოცების“ ხმები. ეს მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების ხმები არ ყოფილა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვით მაინც ეთქვა ზურაბიშვილს, რომ მაშინდელი პოზიციები მცდარი იყო.
„ყველაზე მეტი ამომრჩეველი მე მყავს და მეც არჩევნები მინდა. სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა: კარგი იქნებოდა, ეთქვა, რომ მისი წარსული პოზიციები იყო ღრმად მცდარი. 2007 წელს რუსეთმა დაბომბა ჩვენი საჰაერო სისტემა. გრაჩოვის სიტყვები გაიმეორა ზურაბიშვილმა – არ შეიძლება, საკუთარი ქვეყანა საკუთარი თავის დაბომბვაში დაადანაშაულო. 20 ივნისს, როცა ბავშვებს თვალები დასთხარეს, სალომე ლობიოს ჭამდა. ქალბატონო სალომე, მე თქვენ მიმართ ცუდად განწყობილი არ ვარ, მაგრამ კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვით მაინც გეთქვათ, რომ მაშინდელი თქვენი პოზიციები მცდარი იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, „ოპოზიციის ამოცანაა, გადავდოთ გვერდზე ყველანაირი ბოღმა და ერთმანეთის არგატანა“.
„სანაიამ კარგად ახსნა ჩემი გორში წაქცევის და ტრამპის შემთხვევა. ამბობენ, სააკაშვილი გორში მიწაზე ფორთხიალობდა და ტრამპი რომ ფორთხიალობდა, ეგ არაფერი. ჩემს ხარჯზე თვითდამკვიდრებას და ქულების დაწერას ვინც გააგრძელებს, მას არანაირი მომავალი არ აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ამავე საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
0
0