25/11/2024
22:25
პოლიტიკა
ჩვენ ერთობლივად უნდა გადავდგათ ნაბიჯი, ოთხმა პარტიამ, რათა ვთქვათ, რომ ჩვენ ამ პარლამენტს არ ვანიჭებთ ლეგიტიმაციას, რაც ნიშნავს სიების ჩახსნასა და მანდატებზე უარის თქმას, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, ამჟამინდელი პარლამენტი თვითლიკვიდირებულია და მას ვერ წარმოუდგენია, რომელიმე ოპოზიციონერს სხვა პოზიცია ჰქონდეს სიების ჩახსნასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია, დაფიქსირებული გვაქვს პოზიცია, მეტიც - იმ გეგმაში, რაც წარვადგინეთ, მთავარი პუნქტი იყო სწორედ ის, რომ ჩვენ ერთობლივად უნდა გადავდგათ ნაბიჯი, ოთხმა პარტიამ, მათ შორის, შესაძლოა, პრეზიდენტის ეგიდის ქვეშ, რათა ვთქვათ, რომ ჩვენ ამ პარლამენტს არ ვანიჭებთ ლეგიტიმაციას, რაც ნიშნავს სიების ჩახსნასა და მანდატებზე უარის თქმას. ჩვენი მოპატიჟება რომ ერთობლივად შედგეს ოთხი პოლიტიკური ძალის მიერ, რჩება ძალაში, შესაბამისად, ვნახოთ, პროცესები როგორ განვითარდება.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ კარგია და სწორია, რომ ეს გაკეთდეს ერთობლივად, ყველა ოპოზიციური ძალის მიერ. რადგან დაიწყო ეს პროცესი, ჩვენც გვექნება ხვალ შესაბამისი ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი, რომ მითუმეტეს დღევანდელი დღის შემდეგ, მე ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელიც დაუშვებს, რომ ამ პარლამენტში შეიძლება ვინმემ დაუშვას თეორიულადაც კი საქმიანობა. ეს პარლამენტი არის თვითლიკვიდირებული, ამიტომ, არ წარმომიდგენია, რომ სხვა პოზიცია ექნება ვინმეს”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველთან“.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024